გიზიარებთ ბლოგს: ისეთი ზოგადი ცნებების მატერიალურ ფორმებში გამოხატვა, როგორიცაა, სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ხშირად საკმაოდ რთულია. ამის მიუხედავად, საქართველო მაინც ბევრი რამით ახერხებს საკუთარი თავისა და ხასიათის სრულად წარმოჩენას. ამაზე ფიქრის დროს, ერთ-ერთი პირველი ქართული ცეკვები გვახსენდება, ცეკვაზე კი, პირველ რიგში, სუხიშვილების საბალეტო დასი, რომელიც თითქმის 80 წელია, არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ ამდიდრებს და ახალი ელემენტებით ავსებს ქართული ქორეოგრაფიის უნიკალურ ტრადიციებს.
ნებისმიერი მოცეკვავისთვის, სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრა, ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო მიღწევაა. ბექა სილაგაძესთვის, ისევე როგორც სხვა პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის, ცეკვის სიყვარული ღრმა ბავშვობიდან დაიწყო და სწორედ ამ სიყვარულმა მიიყვანა საბოლოოდ სუხიშვილების ანსამბლამდე.
,,ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა სუხიშვილებით, სადაც კი მქონდა შანსი, რომ მათ კონცერტებზე მოვხვედრილიყავი, ხელიდან არ ვუშვებდი. ხშირად ვუყურებდი მათ ცეკვებს და იმ მოცეკვავეებს, რომლებიც საუკეთესოები არიან ამ საქმეში. 17 წლიდან კი ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც სუხიშვილები ჰქვია და დღეს უკვე მეც მათთან ერთად მიწევს მუშაობა, რაც უდიდესი სიამოვნებაა.“
სუხიშვილების კიდევ ერთ წევრს – ვაჟა ჩორგოლაშვილს, რომელიც 15 წელიწადზე მეტია სუხიშვილების წევრია, ბექას მსგავსად, ბავშობიდან ჰქონდა ღრმად ჩაბეჭდილი ცეკვის სიყვარული და სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრის სურვილი.
,,7 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე სუხიშვილების კონცერტი და იმ დღიდან გამიჩნდა დიდი სურვილი, რომ ამ ანსამბლში მოვხვედრილიყავი, ამისთვის კი ყველაფერს ვაკეთებდი. 18 წლის ასაკში ქუთაისიდან სპეციალურად ამ სინჯებისთვის ჩამოვედი თბილისში და მას შემდეგ სუხიშვილების წევრი ვარ. დიდი ბედნიერება იყო, როდესაც რეპეტიციებზე პირადად ვნახე ის მოცეკვავეები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი. შემდეგ მათთან ერთად წლები მომიწია ცეკვა.“
სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით და მას შემდეგ, უწყვეტად აგრძელებს თავის საქმიანობას – მუდმივად აცოცხლებს და ახალ შტრიხებს სძენს ქართულ ცეკვას. სწორედ სუხიშვილების მეშვეობით გაიცნო მთელმა მსოფლიომ ქართული ცეკვა, ქართული ცეკვის გავლით კი, მთელი საქართველო. როგორც სუხიშვილების ერთ-ერთი მოცეკვავე, თამარ დვალი აღნიშნავს, ეს პროცესი – ახალი კონცერტისთვის თუ გასტროლებისთვის მუშაობა, არასდროსაა ერთფეროვანი.
,,ჩვენს რეპეტიციებს რუტინას ვერ ვუწოდებ, ყოველი რეპეტიცია სავსეა შემოქმედებითი იდეებით, სიახლისადმი სწრაფვით. განსაკუთრებით ახალი ცეკვისთვის ან კონცერტისთვის მზადებაა ძალიან საინტერესო; ძველი ილეთებიდან და მოძრაობებიდან იბადება სრულიად ახალი, განსხვავებული, თანამედროვე და მაინც მუდამ ქართული ცეკვა.”
ვაჟა ჩორგოლაშვილი ქართული ცეკვის იმ უპირატესობასაც უსვამს ხაზს, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანსა და სიტყვით მოუხელთებელს, სხვა ფორმაში უფრო აქვს უნარი, საკუთარი სათქმელი გამოხატოს.
,,არის ისეთი თემები, რომლებზეც ვერ ლაპარაკობ, რომელთა გადმოცემაც სიტყვებით რთულია. ასეთ დროს, სწორედ ცეკვა გაძლევს სათქმელის ბოლომდე გამოხატვის საშუალებას – იქნება ეს შენი უნიკალური ხასიათი, ეროვნულობა, ბრძოლისუნარიანობა თუ იმ გამარჯვების სურვილი, რომელიც ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია.”
სუხიშვილების ანსამბლი აქტიურად მართავს კონცერტებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მუდმივად ცდილობს მოერგოს თანამედროვეობას, თან ისე, რომ არც ძველი, ტრადიციული და მნიშნელოვანი შელახოს და დაივიწყოს. ეს მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი ბექასთვისაც განსაკუთრებით საინტერესოა.
,,ანსამბლი მუდმივ სამუშაო პროცესშია, ის ცოცხალი ორგანიზმივითაა. ყოველი რეპეტიცია თუ კონცერტი განსახვავდება ერთმანეთისგან, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის ამ საქმეს. განსხვავებულია, მაგალითად, ღია სცენა თაკარაზე, რომლის გარემო და ბუნებასთან სიახლოვე მოცეკვავეს საშუალებას აძლევს, იყოს მეტად თავისუფალი და იმპროვიზირებული.“
თამარ დვალისთვის, ისევე როგორც სუხიშვილების ნებისმიერი მოცეკვავისთვის, თითოეული ცეკვის შესრულება და სცენაზე დგომა, გასნაკუთრებული ემოციის მატარებელია.
,,სცენაზე გასვლის წინ, რა თქმა უნდა, შინაგანი ღელვა მატულობს, თუმცა ფეხს ვადგამ თუ არა სცენაზე, სრულიად სხვა სამყარო იშლება. თითქოს ყველა მოძრაობას, კოსტიუმს, მუსიკას მაგიური ძალა აქვს და ეს ძალა ჩემში გადმოდის. მაჯადოვებს, თან ერთდროულად წარსულშიც მამოგზაურებს და მომავალშიც…საოცარი გარდასახვით, ჯადოსნური ენერგიით მავსებს და მამოგზაურებს წინა საუკუნეების საქართველოში.”
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება