2019 წელს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ქართულმა კომპანიამ „ჯინვენტორი“ გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის ეკომეგობრული კაბელი „ტენე“ შეეთავაზებინა.
„ტენე“ მწვანე კონცეფციის USB კაბელია, რომლის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებენ, შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა.
თავდაპირველად „ტენესთვის“ პროდუქციის წარმოება ჩინეთში ხდებოდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა მასალების ეფექტურობის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს, ეს პროცესი საქართველოში გადმოეტანათ, რაშიც Enterprisegeorgia-ს სესხის თანადაფინანსების პროგრამა დაეხმარა.
„თავდაპირველად USB კაბელებს ჩინეთში ვბრენდავდით და ამერიკაში „ამაზონზე“ ვყიდდით, მომდევნო ეტაპზე გადავწყვიტეთ, ისინი საქართველოში ჩამოგვეტანა და ონლაინ გაგვეყიდა“ - ამბობს სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი.
ასე გახდა „ტენე“ პირველი ქართული USB კაბელი და ამავდროულად, პირველი მწვანე USB კაბელი მსოფლიოში, რომელიც მეორადი პლასტმასას გამოყენებით იქმნება.
რამდენიმე წლის განმავლობაში „ტენეს“ კაბელები თბილისში მზადდებოდა.
2022 წლიდან კომპანიამ გადაწყვიტა, აგვისტოს ომის დაზარალებულთა მხარდასაჭერად ქარხანა წეროვანში გადაეტანა. წეროვანის ქარხანაში 30 ადამიანი დასაქმდა და წარმადობაც გაიზარდა. „ტენეს“ გუნდი მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს ახალ პროდუექტებს სთავაზობს.
უკრაინის მხარდასაჭერად კომპანიამ ელექტრო ველოსიპედი შექმნა, რომელიც სატერფულების დატრიალებითა და ბიჯური ძრავის მეშვეობით ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.
პლასტმასათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად, „ჯინვენტორმა“ კამპანია დაიწყო – მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს პლასტმასას ბოთლებს და მათთან ჩააბარებს, საჩუქრად, „ტენეს“ ეკომეგობრულ USB კაბელს მიიღებს.
„ტენე ამჟამად რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, რომელთა მიზანია , მყარი ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება. ერთ-ერთი პირველი იქნება ბოთლების უკუ-ვენდინგ აპარატი, რომელიც მოსახლეობისგან ჩაიბარებს ბოთლებს და სანაცვლოდ დაურიცხავს ქულებს“ - ამბობს სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება