მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 6 451,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა თითქმის 2%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში 15%-იანი ზრდაა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში მიმოქცევაში ნაღდი ფულის სახით 6 556,7 მლნ ლარი იყო, ხოლო 2023 წლის ოქტომბერში კი 5 607,2 მლნ ლარი.
ცნობისათვის, სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 79.5 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 200.0 მლნ ლარით გაიზარდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი 365.0 მლნ ლარით გაიზარდა. სექტემბერში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატი და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, სექტემბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 565.0 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 4,390.7 მლნ ლარს გაუტოლდა.
სექტემბერში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 1,035.9 მლნ ლარით გაიზარდა, მეტწილად უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 258.5 მლნ ლარით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 5 მლრდ-იან ნიშნულს პირველად 2022 წლის დეკემბერში, ხოლო 6 მლრდ-იან ნიშნულს უკვე 2024 წლის ივნისში გადასცდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).
კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება