USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის ყურძნის გადამუშავებას გეგმავს და სად იყიდება მილდიანის ღვინოები

რა მოცულობის ყურძნის გადამუშავებას გეგმავს და სად იყიდება მილდიანის ღვინოები

2024-08-26 22:15:00

შარშანდელთან შედარებითი მეტი ყურძნის მიღებას და გადამუშავებას ვაპირებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ”მილდიანი ჯგუფის” მფლობელმა ელდარ მილდიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯგუფი 15-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს. 

„2500 ტონა ყურძენს ჩავიბარებ მოსახლეობისგან, ხოლო დანარჩენი საკუთარ ვენახებიდან დაკრეფილი ყურძენი იქნება. ჩვენი ღვინოების 25%-ი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 75%-ი ექსპორტზე გაგვაქვს. ღვინოები ექსპორტს 16 ქვეყანაში ვახდენთ. ექსპორტზე აქტიურად ვართ გასულები გერმანიაში, პოლონეთში, ჩინეთში, ამერიკაში, კანადაში და ასე შემდეგ“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ელდარ მილდიანის თქმით, „მილდიანი ჯგუფი“ ყველა ტიპის და სეგმენტზე გათვლილ ღვინოებს აწარმოებს. „მილდიანი ჯგუფის“ პორტფელშია პრემიუმ სეგმენტის ღვინოებიც, რომელიც დაძველებული, საკოლექციო ღვინოებია.

„საკოლექციო ღვინოები გაყიდვადია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, თუმცა უფრო დიდი წილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება“, - აცხადებს ”მილდიანი ჯგუფის” მფლობელი.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „მილდიანი ჯგუფის” მფლობელობაშია: შპს ”წინანდლის ძველი მარანი”,  შპს ”გურჯაანის ღვინის მარანი”, სუვენირული ღვინოების საწარმო შპს ”ვაზი-1” და სადისტრიბუციო კომპანია შპს ”ლეთრე”.

საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ისტორია

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება.

ყველაფერი მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით დაიწყო. პირველ ხანებში, ქვეყანაში არსებული ღვინის მარაგების შესყიდვა და ექსპორტი ხდებოდა, რაც მცხეთაში ღვინის ჩამოსასხმელი საკუთარი საწარმოს აშენების წინაპირობა გახდა. სულ მალე იქვე აშენდა საკუთარი კერამიკის საამქრო, სადაც მრავალფეროვანი კერამიკული ღვინის ბოთლები მზადდებოდა. ამ საამქროს მიერ გამოშვებული თიხის ბოთლები, რომლებშიც კომერციალიზაციის მიზნით ღვინო ჩაისხა, პირველი პრეცედენტი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში.

მილდიანის ღვინის საწარმო წინანდალში

რამდენიმე წელში, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგად, საკუთარი ღვინის საწარმოს მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარებით აღიჭურვა. ეს საწარმო კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ზონაში - წინანდალში მდებარეობს. აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინოები და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა მილდიანის 2002 წლის მოსავლის საფერავი, პირველი ქართული ღვინო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც 2004 წელს პარიზში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე _ ,,Vinalies Internationales” ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

კომპანია მილდიანი მეღვინეობის სხვადასხვა ზონებში საკუთარ ვენახებს ფლობს და სრულად აკონტროლებს ხარისხს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე.

მილდიანი დღეს

დღეისათვის ეს არის „მილდიანი ჯგუფი“, რომელიც უკვე არა მხოლოდ ღვინის წარმოებაშია წარმატებული. „მილდიანი ჯგუფის“ ყოველი წევრი საკუთარ თავს ერთი დიდი ოჯახის წევრად გრძნობს, რაც თითოეული მათგანისათვის პრესტიჟი და სიამაყეა.

”მილდიანი ჯგუფის” მფლობელობაშია: შპს ”წინანდლის ძველი მარანი”,  შპს ”გურჯაანის ღვინის მარანი”, სუვენირული ღვინოების საწარმო _ შპს ”ვაზი-1” და სადისტრიბუციო კომპანია _ შპს ”ლეთრე”.

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ თავის მრავალფეროვან, მაღალხარისხოვან და თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციას წარმატებით ყიდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები