USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იწვევს საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნას?

რა იწვევს საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნას?

2024-08-11 11:21:00

გიზიარებთ ბლოგს: რატომ ეცემა საფონდო ბირჟაზე კომპანიების აქციები?

ბოლო პერიოდის განმავლობაში გლობალურ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია შეინიშნება, რაც მსხვილი კომპანიების აქციების გაუფასურებაში გამოიხატება. მაგალითად: ერთთვიან პერიოდში S&P 500 ინდექსის ღირებულება 5%-ითაა შემცირებული; Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ვარდნის მაჩვენებელი 11%-ს აღწევს; ევროპული Stoxx 600-ის შეფასება 4.5%-ით დაეცა; ხოლო იაპონური Nikkei 225-ის კორექცია 14%-ს აღწევს. საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებულ განწყობას და არასახარბიელო შედეგებს ვხედავთ, რასაც რიგი ფაქტორები განაპირობებს.

პირველ რიგში, ბაზარზე არსებული პესიმისტური განწყობა აშშ-ის ეკონომიკასთანაა დაკავშირებული, რომელიც არადამაკმაყოფილებელ შედეგებს აჩვენებს. მაგალითად, ივლისში უმუშევრობის დონე 4.3%-მდე გაიზარდა, რაც მოსალოდნელ მაჩვენებელზე გაცილებით მეტია. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მოელიან, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი ბიუჯეტით გათვალისწინებულზე უარესი იქნება, ეს ყველაფერი კი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკებს ზრდის. თუკი წამყვან საინვესტიციო ბანკებს დავუჯერებთ, ამჟამად აშშ-ში რეცესიის დაწყების ალბათობა 25%-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ის ეკონომიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს განსაკუთრებით ამწვავებს ფედერალური რეზერვი (FED), ანუ იგივე ცენტრალური ბანკი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას ისევ აჭიანურებს. მოგეხსენებათ, ამჟამად ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-ია, რაც ამერიკული სტანდარტებით ძალიან მაღალია. FED-ის მხრიდან ინტერვენციის დაგვიანება ან რეფინანსირების განაკვეთის მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირება, სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც ინვესტორებისთვის უდიდეს რისკს წარმოადგენს.

გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტორი, რომელშიც ერთმანეთს დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. როგორც წესი, საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკურ რისკებთან და სოციალურ არასტაბილურობასთანაა დაკავშირებული, რაც აგრეთვე ნეგატიურად აისახება საფონდო ბირჟის მდგომარეობაზე.

ბუნებრივია, ბაზარზე არსებული ვითარება მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკურ მდგომარეობასთან არ არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად საფონდო ბირჟა ერთგვარი ტექნიკური კორექციის ფაზაში იმყოფება, რასაც ანალიტიკოსები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოელოდნენ. საქმე ისაა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ბუმის ფონზე, ტექნოლოგიური კომპანიების შეფასება მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული ტემპით გაიზარდა, თუმცა თავად ამ კომპანიების შემოსავლები ასეთი სწრაფი ტემპით არ გაზრდილა. ამჯერად ინვესტორებმა გააცნობიერეს, რომ მათ AI-ის ფინანსური ეფექტი ზედმეტად ძვირად შეაფასეს და შედარებით სპეკულაციური პოზიციების დახურვა დაიწყეს, რამაც Nasdaq-ის ინდექსის თითქმის 13%-მდე კლება გამოიწვია.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს გასულ კვირას იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში 0%-იანი განაკვეთების ეპოქა ოფიციალურად დაასრულა. მას შემდეგ რაც 0%-იდან კვლავ აწიეს საპროცენტო გაკავეთი, ნიკეის ინდექსის ვარდნის ერთ-ერთი მთვარი გამომწვევი გახდა იენის გამყარება, რის საფუძველზეც იენი გამყარდა, რამაც ექსპორტიორები დააზარალა. ასევე, ვალუტის გამყარებამ Carry Trade-ის მომგებიანობა (იენის სესხება დაბალ პროცენტში, და სხვა ვალუტაში უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთში ან უფრო მიმზიდველ აქტივში დაბანდება) საგრძნობლად შეამცირა და პირიქით, დიდ ზარალში გაიყვანა მასში ჩართული აქტორები, რომელთა დიდმა ნაწილმა პოზიციების ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ამ მოვლენამ იაპონიის საფონდო ბირჟიდან კაპიტალის გადინება და კომპანიების აქციების მკვეთრი შემცირება გამოიწვია, რადგან ინვესტორებმა თანხის გადატანა შედარებით უფრო ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნებში დაიწყეს.  

ბაზარზე არსებული პანიკური მდგომარეობის გამომწვევ მთავარ მიზეზს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ არსებული ვითარება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების გაუარესებით და ირანის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის რისკების ზრდითაა განპირობებული. გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომი განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა, რადგან კიევი რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე იერიშის მიტანის სტრატეგიაზე გადაერთო, ეს მოვლენა კი კონფლიქტის ესკალაციის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და გაზრდილ რისკებს ვხედავთ, რაც საფონდო ბირჟას დაღმასვლისაკენ უბიძგებს. არსებული ვითარების მიუხედავად, ანალიტიკოსები მოელიან, რომ კრიზისი მიილევა და საფონდო ბირჟა ისევ დაუბრუნდება აღმასვლის ტენდენციას, რადგან, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბაზარი ყოველთვის მზარდია.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის, საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო, როგორც წესი, მაშინაა, როცა კომპანიების აქციების ღირებულება შემცირებულია. თუკი არსებული შესაძლებლობით სარგებლობას და საფონდო ბირჟაზე თანხის დაბანდებას გადაწყვეტ, შეგიძლია საქართველოს ბანკის მობილბანკით ისარგებლო, რომელიც ათასობით კომპანიასა თუ ფონდში ინვესტირების საშუალებას იძლევა.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები