გიზიარებთ ბლოგს: საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა დიდი წარმატებით დაასრულა – ქართველმა სპორტსმენებმა ღონისძიება 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დახურეს
ოქროს მედლების რაოდენობით, ჩვენმა გუნდმა ისტორიული შედეგი გაიმეორა. საქართველოს დელეგაციას ოლიმპიურ თამაშებზე აქამდე 3 ოქრო მხოლოდ ერთხელ – 2008 წელს პეკინში ჰქონდა მოპოვებული
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის რამდენიმე ისტორიული ფაქტიც დაფიქსიდა
ამ ბლოგში შევაჯამებთ პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი პრიზიორების ასპარეზობას და გიამბობთ, რა გზა გაიარა თითოეულმა მათგანმა
ჯუდო, -90კგ
ლაშა ბექაური პარიზში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონისა და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. ქართველი გულშემატკივრები მისგან მორიგ მედალს ელოდნენ, ლაშამ კი იმედები გაამართლა
ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბულგარელი ივანოვი, კორეელი ჰანი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი. ფინალში ქართველი ჯუდოკა იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდა, სადაც დაძაბულ ორთაბრძოლაში მარცხდებოდა. ლაშამ ამ დაპირისპირებაში მებრძოლი სული გამოავლინა და მეტოქეს ჯერ ანგარიში გაუთანაბრა, შემდეგ კი ორთაბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მორიგი ვაზარი შეასრულა და ოლიმპიური ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა
ლაშას მიზანი ოლიმპიადის ოთხჯერ მოგებაა. ნახევარი გზა განვლილია – ბექაური გაჩერებას არ აპირებს
თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ
გენო პეტრიაშვილი პარიზში მედლის მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნეოდა. ქართველ მოჭიდავეს წინა ოლიმპიადებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა, სრული კომპლექტის შესავსებად კი მხოლოდ ოქრო იყო დარჩენილი
გენომ მერვედფინალში უკრაინელი ხოციანივკი მარტივად, 11:0 დაამარცხა, ამის შემდეგ კი პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 სძლია. პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის ნაკრების წევრ გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 მოუგო და ფინალში გავიდა, რითაც მორიგი მედალი გაინაღდა
გენოს ფინალში უხერხული მეტოქე – ამირ ჰოსეინ ზარე – ჰყავდა. ქართველს მასთან ბოლო სამი შეხვედრა წაგებული ჰქონდა და ბევრი ფავორიტად ირანელს მიიჩნევდა
ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა – გენომ პირველი ნახევრის მიწურულს ზედიზედ რამდენიმე ილეთი შეასრულა, ანგარიში 12:1 გახადა და შეხვედრა ვადაზე ადრე უნდა მოეგო, თუმცა მსაჯებმა, სამართლიანად, გენოს ბოლო ორი ქულა ხალიჩის მიღმა შესრულებული ილეთის გამო ჩამოაკლეს – ანგარიში 10:1 გახდა
მეორე ნახევარში ირანელმა უპირატესობა მოიპოვა, გენოს ზედიზედ 8 ქულა აუღო და შეხვედრის დასრულებამდე 42 წამით ადრე ანგარიში 10:9 გახადა. დარჩენილ დროში გენომ ძლიერი ხასიათი გამოავლინა, თავი კარგად დაიცვა, მეტოქეს მეტი ქულა აღარ ააღებინა და დასახულ მიზანს მიაღწია – გორელი მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
გენოს ეს გამარჯვება ბევრ ემოციასთანაა დაკავშირებული, მან ამ დღემდე მოსასვლელად ბევრი რამ გაიარა – გამარჯვებები, მარცხები, იმედგაცრუებები. პეტრიაშვილს 2021 წლის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე არცერთი ფინალი არ მოუგია, 2024 წლის 10 აგვისტოს კი ის დაბრუნდა
ძალოსნობა, +102კგ
ლაშა ტალახაძე მსოფლიო ძალოსნობისა და ქართული სპორტის ცოცხალი ლეგენდაა. მას ეკუთვნის უამრავი ტიტული, 2 ოლიმპიური ოქრო და რეკორდები სპორტის ამ სახეობაში
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ლაშამ რამდენიმე მძიმე ტრავმა გადაიტანა, მისგან პარიზში მაინც ოქროს მედალს მოელოდნენ
ლაშამ ატაცში 210 და 215 კილოგრამი დააფიქსირა, მესამე ცდაზე კი 220 ვერ ასწია. ამ დისციპლინაში ქართველმა ძალოსანმა მეორე ადგილი დაიკავა
ტალახაძემ ჯამური უპირატესობა აკვრაში მოიპოვა, სადაც 247 და 255 კილოგრამები დაიმორჩილა, ორჭიდში 470 კილოგრამი მოაგროვა და პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებული ისე გახდა, რომ ამ დისციპლინაში მესამე ცდა აღარც გამოუყენებია
ლაშა რომ ამ სპორტის ლეგენდაა ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის ოლიმპიური ჩემპიონი კარიერაში მესამედ გახდა. ლაშას სრული დომინაცია გაგრძელდა და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება
ჯუდო, -81კგ
ტატო ჯუდოში ბოლო 3 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და ბუნებრივია, რომ ის პარიზის ოლიმპიადის მთავარი ფავორიტი იყო
გრიგალაშვილმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მოლდოველი ლატისევი, ავსტრიის წარმომადგენელი ბორჩაშვილი, ტაჯიკი მახმადბეკოვი, კორეელი ლი და ფინალში გავიდა
ფინალში მისი მეტოქე გამოცდილი იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი ნაგასე იყო. სამწუხაროდ, ტატომ ფინალური შეხვედრა დათმო, თუმცა ის სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა, რაც უდიდესი მიღწევაა
ცხადია, ფინალში მარცხი გრიგალაშვილის დონის სპორტსმენისთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ყველაფერი წინაა
ჯუდო, -100კგ
ილია სულამანიძემ ღონისძიება დამაჯერებლად დაიწყო მერვედფინალში იტალიელი პირელი დაამარცხა, შემდეგ კი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვულფს, სძლია. ნახევარფინალში დანიელ აიხთან გამარჯვების შემდეგ 23 წლის ქართველი ჯუდოკა ფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა
ილიამ ფინალური შეხვედრაც დამაჯერებლად დაიწყო, აზერბაიჯანის წარმომადგენელ ზელიმ კოცოიევს ვაზარით ამარცხებდა. ორთაბრძოლის დასრულებამდე 15 წამი იყო დარჩენილი, როცა სულამანიძემ მეორე შიდო მიიღო, 8 წამში კი მსაჯმა ის მესამედაც გააფრთხილა – ფინალი ჩვენი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა
ილიასთვის ოლიმპიური თამაშების ფინალში ასეთი მარცხი მძიმე მისაღები და გადასატანი იყო. მან თავადვე აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ისიც ვიცით, რომ გაჩერებას არ აპირებს. სულამანიძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და ყველა მიზეზი გვაქვს იმის სათქმელად, რომ ის ყველა შეჯიბრზე ამ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტი იქნება
თავისუფალი ჭიდაობა, 97კგ
გივი ევროპის მოქმედი ჩემპიონია და პარიზში მედლის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნეოდა. მან ასპარეზობა მერვედფინალიდან ძალიან დამაჯერებლად დაიწყო – 12:2 დაამარცხა სამხრეთ აფრიკელი დე ლანჯი, 11:0 მოუგო უკრაინის ნაკრების წევრ მურაზ მჭედლიძეს, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის წარმომადგენელი მაგომედოვი 5:0 დაამარცხა
ფინალში მაჭარაშვილის მეტოქე ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტი, ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვი იყო. შეხვედრის დასაწყისში გივიმ ილეთის გაკეთება სცადა, თუმცა მოულოდნელად მეტოქემ ქართველი მაინც დაამარცხა
გივი სამშობლოში ვერცხლის მედლით ბრუნდება, ეს კი დიდი მიღწევაა. რაც მთავარია, მისი ჭიდაობის ხარისხი დიდ იმედს გვაძლევს, რომ გივი უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობს
კრივი, 63.5კგ
ლაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორია და მას კარიერაში მხოლოდ ოლიმპიადის მედალიღა აკლდა. გურული ამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია და მედლის მოპოვების კანდიდატად მიიჩნეოდა
ლაშამ მერვედფინალში აზერბაიჯანელი ჰასანოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ მუხამედსაბირს მოუგო და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
რა თქმა უნდა, ლაშას ოლიმპიადიდან მაქსიმუმის მიღება სურდა, თუმცა ნახევარფინალში კუბელ ალვარე ბორხესთან შეხვედრაში რამდენიმე ტრავმით და ღია ჭრილობებით გავიდა. წინა დაპირისპირებაში მიღებულმა დაზიანებებმა მას ბორხესის წინააღმდეგ ხელი შეუშალეს. საბოლოოდ, ნახევარფინალში კუბელმა გაიმარჯვა, ლაშა კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
ახლა ლაშას უკვე ყველა დიდ ღონისძიებაზე აქვს მედალი მოპოვებული, რითაც ქართული კრივის ისტორიაში ჩაიწერა
როგორც გურული ამბობს, ის თავს ჩემპიონად გრძნობს და სამშობლოშიც ასე დაბრუნდა!
საერთო ჯამში, საქართველომ პარიზის ოლიმპიური თამაშები 7 მედლით დაასრულა
ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული სამი ოქრო ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. გვჯერა, რომ ჩვენს სპორტსმენებს კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ და ამას ისინი 2028 წელს, ლოს ანჯელესში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე გვაჩვენებენ
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება