პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განმარტა შეიქმნება თუ არა ადგილობრივ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ.
მინისტრის თქმით, აფთიაქების ნაწილში სხვადასხვა მედიკამენტებზე დეფიციტი ხელოვნურად იქმნება და სამინისტრომ ამისთვის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმი შემოიღო.
„ის რომ დეფიციტი არ შეიქმნას, აქ ბევრი სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაერთოს. მხოლოდ რეგულაციები საკმარისი არ არის. მაგალითად, ერთ-ერთი კარგი მექანიზმია, ის რომ სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ, რომელიც რეაგირებს ზარებსა და პრეტენზიებზე, როცა კონკრეტული აფთიაქები კონკრეტულ მედიკამენტებს არ გასცემენ.
ეს კიდე ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში ამდენი აფთიაქია. იმაზე სამჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ამ აფთიაქების გამოც შესაძლოა, ეს პრობლემები ხელოვნურად იყოს შექმნილი. ფიზიკურად შეუძლებელია, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ეს ჰოლდინგური კომპანია იქნება თუ სხვა ფარმაცევტული კომპანია, ვისაც თავისი აფთიაქი აქვს ან იმპორტირებულს ყიდულობს, ყველა აფთიაქი მაქსიმალურად რომ შეავსოს. ეს საკმაოდ რთულია.
რადგან გვაქვს საკმაოდ ჭარბი აფთიაქების რაოდენობა, ამიტომ ამაზე მყისიერად ვრეაგირებთ, რადგან გუშინაც იყო შემთხვევები...პირველი დღე იყო და შეუძლებელია პირველ დღეს რაღაცა გამოეწვია, მაგრამ იყო სერიოზული პანიკა კონკრეტულ მედიკამენტებზე. ძირითადად თურქულზე. კონკრეტულ მედიკამენტებზე აფთიაქები უარს ეუბნებიან მომხმარებლებს. მერე ჩვენი ჯგუფი გადის და ჩვეულებრივ ყიდულობს. მეც ჩართული ვარ ამაში..მერე სხვები გავგზავნეთ, ხომ არ ცნობენ, მაგრამ რეგიონებშიც იგივე ხდება. აქ შესაძლოა, რაღაც მცდელობებთან გვქონდეს საქმე, მაგრამ რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს“, - აცხადებს აზარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, ხოლო სისტემა 15 თებერვლიდან ამოქმედდა.
შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასების მიხედვით დაადგინოს.
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. ცვლილების თანახმად, 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა