ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა, - ამის შესახებ მოკრივე ლაშა გურულმა ორთაბრძოლის შემდეგ განაცხადა.
მან შეჯიბრების დროს მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრა, რის გამოც ოქროს მედლის მოპოვება გაუჭირდა. მან კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესთან ორთაბრძოლაზეც ისაუბრა.
„შესაძლოა, პირველ შეხვედრაში რომ შევხვედროდი, სხვაგვარად დასრულებულიყო ბრძოლა. წინა მეტოქე ძალიან უხეში იყო სამივე რაუნდში. თავით გამიხეთქა ორივე წარბი, ტუჩები. ძალიან დაზიანებული ვიყავი. ცალკე სხვა ტრავმები, არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ორივე წარბი გახეული მაქვს, თვალიდანაც მხედველობა რთული იყო, მქონდა თავის ტკივილებიც, მაგრამ რაც შემეძლო მაქსიმუმი გავაკეთე. ეს არის სპორტი და შესაძლოა, ის იყოს შენზე უკეთესი.
ასე, რომ მადლობას ვუხდი უფალს ყველაფრისთვის. მე დავტკბი ამ ოლიმპიური თამაშებით, მივიღე სიამოვნება. ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა - რაც ვიშრომე ჩემზე მეტს ვერ იშრომებდა ჩემი გულშემატკივარი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ადეკვატურ გულშემატკივარს ჩემი კარგად ესმის.
მინდა მივულოცო ჩემს ოჯახს, სრულიად საქართველოს და გულშემატკივარს ეს შედეგი. მომავალში ვეცდები კიდევ უფრო გავაუმჯობესო“, - განაცხადა ლაშა გურულმა.
მოკრივე ლაშა გურულმა (63,5) ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზა. ის კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდა, შეხვედრა 0:5 დათმო და სადებიუტო ოლიმპიადაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება