მოლოდინები, რაც ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის გვქონდა გამართლდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ავთო წურწუმიამ განაცხადა. მისი თქმით, ივნისი-აგვისტოს პერიოდში სასტუმროს სტუმრების 70%-ი უცხოელი სტუმრებია.
„ბორჯომის რეგიონი ზაფხულში ზოგადად დატვირთულია და შესაბამისად სასტუმრო Crowne Plaza Borjomi საკმაოდ დატვირთული იყო. ივლისი და ივლისი საკმაოდ აქტიური იყო და შესაბამისად აგვისტოც აქტიურია. მოლოდინები, რაც ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის გვქონდა გამართლდა. რადგანაც ბორჯომი მაინც საზაფხულო დასვენების ადგილად მიიჩნევა მოსალოდნელიც იყო უცხოელი ტურისტების სიმრავლე.
შარშანდელთან შედარებით სტუმრების რაოდენობა თანაბარია. ზუსტად არის ის ტენდენცია, რაც გასულ წელს გვქონდა“, - აცხადებს ავთო წურწუმია.
სასტუმროს უცხოელს სტუმრებში კი დიდი წილი ყაზახეთიდან და გალფის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს უკავიათ.
„Crowne Plaza-ს მაგალითზე ზაფხულში დომინანტია უცხოელი სტუმრები. ჩვენი სტუმრების დაახლოებით 70%-ი მოდის უცხოელ სტუმრებზე, ხოლო 30%-ი ადგილობრივზე. უცხოელი სტუმრების კუთხით წელს ლიდერი ქვეყანა იყო ყაზახეთი, საუდის არაბეთი და ზოგადად გალფის ქვეყნები. ასევე იყო აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრების სიმრავლეც.
რაც შეეხება აზიის მიმართულებიდან სტუმრებს, საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვყავდა ჯგუფები ტაილანდიდან, სამხრეთ კორეიდან. ევროპას რაც შეეხება, ზაფხულში დომინირებდნენ ჯგუფები პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. აქტიურად იყო ჯგუფები გერმანიიდანაც“, - ამბობს Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ავთო წურწუმიას განმარტებითვე,განთავსების გარდა მოთხოვნა იყო დამატებით სერვისებზეც.
„განსაკუთრებით სპა მიმართულებაზე და რესტორანზე. აქცენტი კეთდებოდა ბალნეოლოგიურ პროცედურებზეც. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროცედურა, რომელიც ბალნეოლოგიურსაც მოიცავს“, - აცხადებს ავთო წურწუმია.
Crowne Plaza Borjomi შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის ასევე აქტიურად ემზადება, თუმცა სასტუმროს მენეჯმენტის გათვლებით შემოდგომიდან უფრო MICE-ტურიზმის მიმართულება გააქტიურდება.
„შემოდგომის ტურისტული სეზონისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. აქტიური ჯავშნები ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ჩვენს მაგალითზე შემოდგომის სეზონზე ძირითადი აქცენტი კეთდება MICE-ტურიზმზე და საკონფერენციო ჯგუფებზე. რაც შეეხება ზამთარს უკვე აქტიურად ვემზადებით დაუვიწყარი და ჯადოსნური ახალი წლის შესახვედრად“, - აცხადებს სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება