USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტივი რჩევები სეზონის უსაფრთხოდ გატარებისათვის

მარტივი რჩევები სეზონის უსაფრთხოდ გატარებისათვის

2024-08-11 17:18:00

ზაფხული, დარიანი ამინდი და მზიანი დღეები - ერთი შეხედვით უკეთესი არაფერია დასვენებისა და ხალისიანი განწყობის შესაქმნელად, თუმცა სწორედ მაღალი ტემპერატურა, მწველი მზე ქუჩაში და ცხელი ჰაერი სახლში იწვევს ორგანიზმის გადახურებას, მზით დამწვრობასა და სხვა უსიამოვნებებს. მეტიც, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერთა უკანასკნელი კვლევის თანახმად, სწორედ ზაფხულის სეზონზე იზრდება იშემიური და ჰემორაგიული ინსულტით გარდაცვალების რისკი, რადგან ამ ტიპის ინსულტით გარდაცვლილთა ათასი შემთხვევიდან 11 სწორედ ექსტრემალური სიცხითაა გამოწვეული. 

ნაკლებად სანუგეშო მონაცემები აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც, რომლის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ბოლო ათწლეულში კანის კიბოთი დაავადების 10-დან 9 შემთხვევა სწორედ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მზის გამოსხივება სერიოზულ ზიანს აყენებს სახის კანს, აჩენს ნაოჭებს, არასასიამოვნო ლაქებს და პროვოცირებს ნაადრევ დაბერებას, იწვევს თვალების დაავადებებს და აქვეითებს იმუნურ სისტემას. 

რა თქმა უნდა, მზის შიშით არც სახლში გამოკეტვა ღირს, არც ზღვაზე ან მთაში  დიდი ხნის ნანატრ შვებულებაზე უარის თქმა, თუმცა კომფორტული დასვენების უზრუნველსაყოფად საჭიროა მზისგან დაცვის მარტივი რჩევების გათვალისწინება.
 

 

ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი

 

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერი გამოსხივების (UV) ინდექსს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა და ამერიკის მეტეოროლოგიურ ცენტრში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ UV-ინდექსი 0-დან 11-მდე დიაპაზონში იზომება - 0-2 - გამოსხივების დაბალ დონეს, 3-5 - ზომიერს, 6-7 - მაღალ დონეს, 8-10 - ძალიან მაღალს, 11 კი - ექსტრემალურ დონეს გულისხმობს, ამიტომ ქვეყნებს, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი 8-ის ნიშნულს აღემატება, ამერიკელი მეტეოროლოგები გაფრთხილებასთან ერთად რეკომენდაციის ნუსხასაც უგზავნიან.

 

„ვერაგი“ ჩრდილი

 

შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ დიდხანს ჩრდილში გაჩერებაც ისეთივე სახიფათოა, როგორც მზის გულზე. მართალია, დამცავი ქოლგა მეტ-ნაკლებად ანეიტრალებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, მაგრამ სრულად ვერც ის უზრუნველყოფს მზისგან დაცვას, რადგან დაახლოებით 40%-ით კანი მაინც განიცდის მავნე ზეგავლენას. არ ღირს გათამამება არც ღრუბლიან ამინდში, რადგან სწორედ ღრუბლებში დამალული მზე „იკბინება“ შეუმჩნევლად და ყველაზე მტკივნეულად. 

მნიშვნელობა არ აქვს ქალაქში გეგმავთ გასეირნებას, პლაჟზე გინდათ გარუჯვა, თუ მთაში აპირებთ ლაშქრობის მოწყობას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მზისგან დამცავი საცხის გამოყენება. სასურველია, საცხი, რომელსაც ყოველ 2 საათში ერთხელ დაიტანთ მშრალ კანზე, ინდექსით SPF 30-ით იყოს, რაც მოქმედების ფართო სპექტრს გულისხმობს და ერთნაირად ეფექტურად იცავს კანს როგორც UV-A, ისე UV-B გამოსხივების შემთხვევაში. 

 

მზის აქტივობის პიკი

 

დილის 11-დან 16 საათამდე ყველაზე კრიტიკულ პერიოდად ითვლება დღის მანძილზე, რადგან მზე აქტივობის პიკს აღწევს. უმჯობესია ამ პერიოდში თავი შეიკავოთ ქუჩაში გასვლისგან, მით უფრო ზღვაში ნებივრობისა და პლაჟზე გარუჯვისგან. იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი საქმე გაქვთ, ეცადეთ დიდხანს არ გაჩერდეთ ავტომობილში, არ ღირს მზის პიკური აქტივობის პერიოდში არც ბავშვების და შინაური ცხოველების გარეთ გაყვანა, სუფთა ჰაერზე ვარჯიშისთვის კი, შეარჩიეთ შედარებით გრილი პერიოდი - დილას, 10 საათამდე ან საღამოს, 18 საათის შემდეგ. 

 

მეტი სუფთა წყალი

 

სიცხით გამოწვეული უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნება, თუმცა, მედიკოსები მხოლოდ სუფთა წყალს უწევენ რეკომენდაციას, ალკოჰოლისგან, გაზიანი და ტკბილი სასმელისგან კი, თავის შეკავებას გვირჩევენ.

ნატურალური წვენი ან გამაგრილებელი სასმელი დიდი ოდენობით გლუკოზას და ფრუქტოზას შეიცავს, რომელიც მხოლოდ აძლიერებს წყურვილის გრძნობას და ვერაფრით შველის ორგანიზმს, ალკოჰოლის მიღებით კი, ირღვევა თერმორეგულაცია, რადგან ალკოჰოლი დიურეტინთა ანუ შარდმდენ პრეპარატთა  ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც ხელს უწყობს შარდის წარმოქმნას და აძლიერებს ორგანიზმიდან მის გამოყოფას, ცხელ სეზონზე დიდი ოდენობით სითხის დაკარგვა კი, ძალიან სახიფათოა. ამასთანავე, ალკოჰოლის ყოველ ულუფასთან ერთად იტვირთება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და იზრდება გაუწყლოების რისკი, რადგან ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს, ორგანიზმი კი, ვეღარ ახერხებს ტემპერატურის დარეგულირებას. მიუღებელია ყინულიანი წყლის მიღებაც, რადგან სხეულის და წყლის ტემპერატურის მკვეთრი მონაცვლეობა უფრო მეტად ზრდის ზეწოლას ორგანიზმზე, რაც არა მხოლოდ ოფლის გამოყოფასა და სხეულის გაგრილებას აფერხებს, არამედ იმუნურ სისტემასაც ასუსტებს.  

სუფთა წყლის ნორმა, რომელიც დღე-ღამეში საშუალოდ 500 მილილიტრს შეადგენს, ერთი-ორად იზრდება ზაფხულის სეზონზე, თუმცა არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული ნორმა, რადგან სითხის ოდენობა პირველ რიგში ადამიანის ასაკზე, მის წონასა და ფიზიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული. 

 

კვების რაციონი

 

ზაფხულის სეზონზე აუცილებელია ჩვეული მენიუს გადახედვა და კორექტირება. ცხელი კერძები ორგანიზმის ტემპერატურის მატებას უწყობენ ხელს, ამიტომ ზაფხულში მძიმე საკვების შედარებით მსუბუქი პროდუქტით ჩანაცვლებაა საჭორო, რაც წყურვილსაც მოგიკლავთ და ორგანიზმსაც გააგრილებს, სითხესაც დააბალანსებს და მკვებავ ნივთიერებებსაც შეინარჩუნებს. მაგალითად, თევზი და ქათმის ხორცი გადატვირთვის გარეშე უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით, წყლით მდიდარი ხილი, ბოსტნეული და კენკრა (ვაშლი, ნესვი და საზამთრო, კიტრი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა, მარწყვი და ჟოლო) კი, სითხით შევსებაში დაგეხმარებათ. არ ღირს გლუკოზით და ტრანს-ცხიმებით გამდიდრებული საკვების, ფუნთუშეულის და ტკბილეულის, მათ შორის ნაყინის მირთმევა, რძის პროდუქტი კი, ნაკლებად შაქრიანი და ზედმეტი დანამატების გარეშე შეარჩიეთ.

 

მსუბუქი სამოსი

 

ზაფხულში მხოლოდ ღია ფერის ნატურალური ქსოვილის (ბამბის, აბრეშუმის ან სელის) სამოსისა და თავსაბურავის ტარებაა რეკომენდებული, რომელიც ერთის მხრივ, მზის სხივებს ირეკლავს, მეორეს მხრივ, ჰაერის თავისუფლად ცირკულირების წყალობით კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, მაშინ, როცა სინთეტიკური ქსოვილი დიდი ხნით ინარჩუნებს სითბოს, მუქი ფერები კი, მზის სხივებს შთანთქავენ, რაც საბოლოოდ ორგანიზმის გადახურებას იწვევს. აუცილებლად დაიცავით თვალები ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, სათვალის შერჩევისას კი, ყურადღება მიაქციეთ მის მარკირებას, რომელიც UV400 უნდა იყოს.

 

ბინის გაგრილება

 

ბინის გაგრილება დღეში რამდენჯერმეა რეკომენდებული. გული არ გაიტეხოთ თუ კონდიციონერი არ გაქვთ, რადგან გაგრილების ბევრად უსაფრთხო მეთოდებიც არსებობს. პირველ რიგში, მოერიდეთ გაზქურის ხშირად ანთებას, სარეცხის საშრობის გამოყენებას და მზის აქტივობის პიკში ფანჯრების გაღებას. უმჯობესია დახუროთ ყველა ფანჯარა და ჩამოაფაროთ ფარდა ან ჟალუზი. გაანაწილეთ ბინაში ცივ წყალში დასველებული ნატურალური ქსოვილის ტილოები, რომლებიც გააგრილებენ და დაატენიანებენ ჰაერს, ვენტილატორის ამუშავების შემთხვევაში კი, დადგით მის ახლოს ყინულით სავსე ჯამი, რომელიც ჩვეულებრივზე სწრაფად და საიმედოდ გააგრილებს თქვენს ოთახს.

უამრავი საშუალება არსებობს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებისთვისაც. ეფექტურია მისასხურებლიანი (პულვერიზატორიანი) ბოთლიდან ცივი წყლის სახესა და კისერზე შეშხაპუნება, ხელების მკლავებამდე რამდენიმე წუთით ცივ წყალში ჩაყოფა ან გამაგრილებელი კომპრესის - წყალში დასველებული ტილოს შუბლზე დადება.   

 

მზით დამწვრობა

 

მზით დამწვრობა ულტრაიისფერი სხივების გადამეტებული ზემოქმედებით გამოწვეული კანის ანთებაა, რომელიც არა მხოლოდ კანის კიბოს, კატარაქტისა და მაკულური დეგენერაციის განვითარების რისკს ზრდის, არამედ არასასიამოვნო ნაწიბურებსა და ე.წ. ჭორფლს აჩენს, კანის სიმშრალესა და ნაადრევ დაბერებას იწვევს.

განსაკუთრებით ინტენსიური გამოსხივება გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში აღინიშნება, დილის 10-დან 15 საათამდე. ამასთანავე, ულტრაიისფერი გამოსხივება არეკვლადი ზედაპირებიდან ასხლეტის თავისებურებით ხასიათდება, ამიტომ განსაკუთრებით სახიფათოა მთაში ან წყალთან ახლოს დამწვრობის მიღება.  

მზით დამწვრობის სიმპტომთა სიმძიმე კანის ტიპსა და მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობაზე, მიღებულ სამკურნალო პრეპარატებსა და დამცავი საცხის ხარისხზეა დამოკიდებული. მსუბუქი დამწვრობა კანის დამწვარი უბნის სიწითლითა და ანთებითი პროცესით გამოიხატება, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იწყებს შესივებას, იფარება ქერქით, სითხით სავსე ბუშტუკებით ან წვრილი გამონაყარით, მძიმე დამწვრობა კი, მაღალი ტემპერატურით, ციებ-ცხელებითა და თავბრუსხვევით, გულისრევით, პულსის აჩქარებითა და სუნთქვის გახშირებით, გაუწყლოებით, კანზე მტკივნეული ბუშტუკების გაჩენით და გონების დაკარგვით ვლინდება. 

მზით დამწვრობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. სამედიცინო დახმარების მიღებამდე კი, მოერიდეთ ცივი წყლის დალევას, რომელიც მხოლოდ აძლიერებს ციებ-ცხელებას. არ ღირს არც ცივი კომპრესების გამოყენება, უმჯობესია მსუბუქად დაისველოთ სამოსი სხეულის ტემპერატურის დაწევისა და ტკივილის შესამცირებლად. შეგიძლიათ მიიღოთ გრილი აბაზანა საპნისა და სხვა ჰიგიენური  საშუალებების გამოყენების გარეშე, მოერიდეთ კანის საგულდაგულოდ გამშრალებასაც, უმჯობესია მსუბუქად შეიშროთ ნატურალური ქსოვილით, დამატენიანებელი და დამარბილებელი ლოსიონის ან საცხის გამოყენებამდე კი, მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის, რადგან ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება ბენზოკაინს - ალერგიის გამომწვევ ნივთიერებას შეიცავს. ამასთანავე, საცხების დიდი ნაწილი ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს და ხელს უშლის კანის შეხორცებას. ბუშტუკებით დაფარული უბნები დაიფარეთ სტერილური დოლბანდით, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის შეჭრა, ძლიერი დისკომფორტის შემთხვევაში კი, მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

 

სითბური დარტყმა

 

ჩვეულებრივ, ორგანიზმი ოფლის გამოყოფით გრილდება, თუმცა ჭარბი ოფლიანობა და სითხის ნაკლებობა ჯერ გაუწყლოებას, მერე სხეულის ტემპერატურის მატებას იწვევს და ხშირად სითბური დარტყმით სრულდება. აღსანიშნავია, რომ მზით დამწვრობის მსგავსად სითბური დარტყმაც საკმაოდ მძიმე სიმპტომებით ხასიათდება, რადგან მეტწილად სხეულის მაღალი ტემპერატურით (40 გრადუსით და მეტით), საერთო სისუსტითა და ძლიერი თავის ტკივილით, ოფლის ჭარბად გამოყოფითა და თავბრუსხვევით, გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით, კანისა და ლორწოვანას სიმშრალით, აჩქარებული პულსითა და გულისცემით, შენელებული და გართულებული მეტყველებით ვლინდება. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში გადადების გარეშე უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას, ექიმის მოსვლამდე კი, ეცადეთ შეინარჩუნოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, მიიღოთ მეტი სითხე და გამოიყენოთ გრილი კომპრესები.  

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები