USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს მთავარი გამოწვევაა, დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი - პრეზიდენტი

დღეს მთავარი გამოწვევაა, დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი - პრეზიდენტი

2024-03-08 19:25:00

დღეს, პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილმა 5 უფლებადამცველი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

Business Insider Georgia პრეზიდენტის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ: 

„ყველას გილოცავთ 8 მარტს! 8 მარტი ქალთა დღეა, მაგრამ არამარტო ქალთა დღე, ძლიერი ქალების დღეა, ამიტომ ორმაგად გილოცავთ ყველას ამ დღეს.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, რომელსაც ძალიან ძლიერი ისტორია აქვს და სადაც თავად ძლიერი ქალები  ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას. ჩვენ ამას იმდენად მივეჩვიეთ, რომ ქეთევანები და თამარები ნორმად მიგვაჩნია  - ჩვენ ვალდებული ვართ ამ ისტორიის წინაშე.

დღესაც, თანამედროვე საქართველოში ვამაყობთ, იმით, რომ პირველი რესპუბლიკის დროს ქალებს ირჩევდნენ და მათ არჩევანის უფლება ჰქონდათ, რაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ წარსულით სიამაყე საკმარისი არ არის.

ჩვენ წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ღირსნი ჩვენი წარსულის, სწორედ იმისთვის, რომ ქალთა მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში იყოს ისეთი, როგორც საქართველოს ისტორიას ეკადრება. ჩვენ დღეს ბევრი მიმართულებით ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რითაც შეგვიძლია ჩვენ ბოლომდე ვიამაყოთ.

მართალია, ქალებს დღეს საქართველოში ძალიან დიდი როლი აქვთ, პრაქტიკულად, არ არსებობას ეკონომიკური სექტორი, კულტურული დარგები, ან რომელიმე მიმართულება, სადაც ქალები ძლიერად არ არიან წარმოდგენილი და ხშირად ჩვენი სახე ქალების მეშვეობით გადის საზღვარგარეთ, შეგვიძლია ამ ქალებით ვიამაყოთ, მაგრამ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება იმ მიმართულებით, რომ  მთავარ მიზანს -  თანასწორობას მივაღწიოთ.

დავიწყებ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითით,  პოლიტიკით, ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობა გაიზარდოს. ჩვენ, ევროპასა და აზიაში პრაქტიკულად ბოლო რიგებში მდგარი ქვეყანა ვართ, ამ მიმართულებით. რატომაა ძალიან ცოტა ქალი წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში, პარლამენტსა და მთავრობაში? ეს დღეს პოლიტიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შედეგია: მორალური ძალადობისა და სიძულვილის ენის, რაც ყველამ გამოვცადეთ. ყველამ ვიცით, რომ ეს აფერხებს ქალების შესვლას პოლიტიკაში. ხდება [პოლიტიკური აქტივობისაგან] თავშეკავება, რათა არ ჩადგნენ იმ მდგომარეობაში, რომელსაც ტელევიზიაში ვხედავთ, რაც ახალგაზრდა ქალებისათვის დიდად სასურველი ნამდვილად არ არის... და შედეგიც სახეზეა.

მეორე მიმართულება, სადაც სახარბიელო მდგომარეობა არ არის ეკონომიკაა. ქალები როგორც ძალა, ქვეყანაში არ არიან წარმოდგენილნი, არ არიან იმ საფეხურებზე, სადაც უნდა იყვნენ და იმ ხელფასებით, რაც უნდა ჰქონდეთ. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ყველა თანამედროვე ქვეყანა სწორედ იმისკენ იღვწის, რომ მოხდეს ხელფასების გათანაბრება, მაგრამ ჩვენ ჯერ შორს ვართ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

სოფლად მცხოვრები ქალებისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, მათთვის ფინანსურ რესურსთან წვდომაც ბევრად გართულებულია. ეს ვიცით, თუმცა კანონმდებლობით ეს მდგომარეობა არ იცვლება, არ არის მიღებული ზომები, რათა მათ მიეცეთ თუნდაც კრედიტთან ხელმისაწვდომობის საშუალება, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივებიც და წამოწყების უნარიც ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ.

უფრო მძიმე სურათი გვაქვს ოჯახში ძალადობის მიმართულებით. ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობა. ეს ყველაფერი სირცხვილია ქვეყნისთვის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობასა და ყველა იმ ღირებულებებს, რაც გვაერთიანებს და ამდენად, ეს არის მთავარი გამოწვევა, რომ რაღაცნაირად ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა.

ეს ყველას საქმეა და თქვენ ხართ ამ ბრძოლის წინა ხაზზე. მე ვისურვებდი ამ დარბაზში მეტი კაცი დამენახა,  რადგან ეს მხოლოდ ქალების საქმე არ არის,  ეს მთელი საზოგადოების საქმეა.

ეს იწყება სკოლიდან... პირველივე წლებიდან უნდა ვასწავლოთ ის, რაც ჩვენთვის ყოველთვის ინსტინქტური იყო - ქალისა და ოჯახის პატივისცემა. პირველ რიგში, ამას უნდა მივხედოთ, აქედან იწყება ყველაფერი. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, მსოფლიოში, სადაც ძალიან ბევრი გამოწვაა, სადაც ძალადობა რაღაც ბუნებრივიც გახდა, ჩვენ ყოველდღიურად და ყოველწამიერად ზეწოლის ქვეშ ვართ, ძალიან მძიმეა თუნდაც ეკოლოგიური გამოწვევები და სტრესი, რომელიც ცხადია გადადის ოჯახზე და ვლინდება სწორედ ამ სასტიკ შემთხვევებში. ანუ ეს მთლიანად საზოგადოების, მედიის, ტელევიზიების პასუხისმგებლობაა, რომ ის რაც ბავშვებმა ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სკოლაში ისწავლონ და მედიაშიც ნახონ ამ პრობლემების გაშუქება, მეტად მოუსმინონ ფსიქოლოგებს. ეს ყველაფერი საზოგადოების ერთობლივი,

ჩვენ ხშირად გვიყვარს თქმა, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლების გასაკეთებელია ყველაფერი. მართლაც მათი საკეთებელი ბევრია, მაგრამ მთავარი -  ადამიანების მოქალაქეობრივი აღზრდა,  ჩვენი ინდივიდუალურად საკეთებელი საქმეა, საზოგადოებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს არის ის, რაც ქართველმა დედებმა კარგად იცოდნენ და რასაც ჩვენც ხელახლა უნდა დავეუფლოთ და ისევ ვისწავლოთ, თუკი ეს რაღაცნაირად, დროთა განმავლობაში შენელდა.

მე მინდა გაგახსენოთ ერთი შემთხვევა, ქალბატონ ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რომელიც 10 წლის წინ, ბავშვების თვალწინ სასტიკად მოკლეს. მას შემდეგ, რაც ,,საფარმა“ ხელი მოკიდა ამ საქმეს,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის გაეროს კომიტეტმა განიხილა ეს საქმე და 2021 წელს 3 რეკომენდაცია გასცა. 3 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და მთავარი, ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე დამნაშავეების დასჯა იყო და 2023 წელს, სასამართლომ განაჩენი თითქმის, 10 წლის თავზე გამოიტანა, მაგრამ, ძალიან მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ შესაძლო ეს დანაშაული გამოევლინა და დაესაჯა; მეორე რეკომენდაცია კომპენსაციას ეხებოდა და კომპენსაციის ოდენობაც განისაზღვრა; მესამე რეკომენდაცია, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება მინდა, ამ დანაშაულის გამო სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბავშვების წინაშე ბოდიში მოხდაა.მე ამის კომპეტენცია არ გამაჩნია, რომ ამ ბავშვებს ბოდიში მოვუხადო, ეს არ შედის ჩემს კონსტიტუციურ უფლებებში, მაგრამ მე, თქვენთან ერთად, შემიძლია ვისურვო  და მჯეროდეს,  ეს ბოლო ნაბიჯიც გადაიდგმება, მართალია, ეს სიმბოლურია, მაგრამ ეს სიმბოლური ნაბიჯი ძალიან სერიოზული გზავნილია ყველასთვის, ვინც შესაძლოა, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ძალიან მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, რომ ღირსების შელახვა და ასეთი სასტიკი დანაშაულები ყურადღების გარეშე არ დარჩება. ეს ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა და ამდენად, ჩვენი საზოგადოება ამაზე უნდა რეაგირებდეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები