მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია სებ-ის შეფასებით ეკონომიკური ჯამური პოტენციალის ზრდიდან მომდინარეობს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, გაზრდილია წარმოების ფაქტორების პროდუქტიულობა და შესაბამისად ფასებზე ზეწოლა ნაკლებია.
„როგორც წესი თეორიულად მაღალი ეკონომიკური ზრდა ინფლაციურ ზეწოლას მოიცავს და ინფლაციური ზეწოლის რისკებს ატარებს. თუმცა ამ შემთხვევაში დამთხვევა გაქვს, როდესაც მაღალი ზრდა გაქვს და დაბალი ინფლაცია. ეს ჩვენი შეფასებით ეკონომიკური ჯამური პოტენციალის ზრდიდან მომდინარეობს. გაზრდილია წარმოების ფაქტორების პროდუქტიულობა და შესაბამისად ფასებზე ზეწოლა ნაკლებია. სწორედ აქედან გამომდინარე მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა შერბილების მიმართულებით წასულიყო“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინფლაციაზე საუბარი, აქ იგულისხმება ფასების საერთო დონის ცვლილებაზე.
„სექტემბრის მონაცემებით ინფლაცია 0,6%-ს შეადგენს. ჩვენ ველოდებით, რომ 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება წლის ბოლომდე. საშუალო წლიური მაჩვენებელი 1,2%-ის ფარგლებშია და შემდეგ უკვე საშუალო ვადიან პერიოდში დასტაბილურება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლამდე“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
მისივე თქმით, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის მიმართ საკმაოდ ფრთხილია.
„საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებია ბაზარზე, დაბალია ინფლაცია, ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების მიმართ სტაბილური ვითარებაა, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მონეტარული პოლიტიკა ნორმალიზაციისკენ წავიყვანოთ. ანუ ისტორიულად მაქსიმალური 11%-იანი მაჩვენებლიდან ეტაპობრივად შევარბილოთ. 11%-ი ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოში რაც ინფლაციის თარგეთირება დაიწყო. ადგილობრივი მომსახურების ინფლაციის კლებამ ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ ეტაპობრივი გამოსვლა დაგვეწყო, მაგრამ არაერთხელ აღინიშნა, რომ ფრთხილი მიდგომა ვარჩიეთ, რადგან მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა ბაზარზე შენარჩუნებულია ინფლაციური რისკები. ეს არის, როგორც ადგილობრივი ასევე საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე რისკები. მოგეხსენებათ, ძალიან მაღალი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა, რომელიც გარკვეულ რისკებს ქმნის: საომარი მოქმედებები უკრაინაში, დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, რაც ბაზარზე გაურკვევლობის რისკების მატარებელია. ძალიან მაღალია მერყეობა სურსათის და ნავთობის გლობალურ ბაზრებზე, ასევე წითელ ზღვაში შექმნილი დაძაბული ვითარება ტრანსპორტირების ხარჯების მიმართულებით ასევე გაურკვევლობას ქმნის. ეს ყველაფერი უკვე ინფლაციურ რისკებში აისახება და შესაბამისად იმისათვის, რომ საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია თავისი მიზნობრივ მაჩვენებელზე დასტაბილურდეს ჩვენ საკმაოდ ფრთხილ მიდგომას ვირჩევთ და ეტაპობრივად ვამცირებთ განაკვეთს. იმ შემთხვევაში თუ ეს რისკები არ რეალიზდა, მათი სიმძიმე შემსუბუქდა, ჩვენ ისევ ფრთხილი პოლიტიკით გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას მისი ნეიტრალური დონის მიმართულებით, რომელიც ამჟამინდელი შეფასებით 7%-ს შეადგენს“, - განაცხადა მიქაბაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება