USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ADB-ს პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების გაძლიერებაში დაეხმარება

ADB-ს პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების გაძლიერებაში დაეხმარება

2024-11-22 11:34:00

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 68,198,000 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) საბიუჯეტო სესხი საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად.

დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის — მეორე ქვეპროგრამაა. 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა. ეს განპირობებული იყო პროფესიული სწავლების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცედურის დახვეწით, ზრდასრულთა განათლების სარეგულაციო ჩარჩოს მიღებითა და პროფესიული განათლების კერძო მომწოდებლებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სავაუჩერო პროგრამის შექმნით. გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ხელფასები,  განვითარდა “პროფესიული ჰაბების” კონცეფცია და პროფესიული განათლების სისტემაში ჩაეშვა საჯარო-კერძო თანამშრომლობის საპილოტე პროგრამები.

“მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იმედისმომცემ შედეგებს ვხედავთ, რადგან გაიზარდა მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე და ისტორიულად დაბალია უმუშევრობის დონე. ADB მზადაა განაგრძოს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა,” განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა. “პროფესიული პროგრამების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებით მიზნად ვისახავთ გავზარდოთ ახალგაზრდებისა და ზრდასრულების დასაქმების დონე და ასევე ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას უკეთესი უნარებით აღჭურვილი ადამიანური რესურსის განვითარებით.”

ქვეპროგრამა 2 ხელს შეუწყობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, გაზრდის წვდომას პროფესიულ სწავლებაზე და ჩართავს კერძო სექტორს პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო გეგმის რელევანტურობის გაუმჯობესებაში. მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს შორისაა პროფესიული განათლების სტრატეგია 2024-2030-ის მიღება, რომელიც გენდერისა და კლიმატის კომპონენტებს შეიცავს; ასევე განსაზღვრას პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ჩარჩოს, რაც პროფესიული სტანდარტების, განვითარებისა და კარიერული წინსვლის კრიტერიუმებს ადგენს კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით. პროგრამამ ინსტიტუციური სახე მისცა პროფესიული განათლების დაწესებულებებისა და ბიზნესის თანამშრომლობას, რასაც მართავს ახლადშექმნილი უნარების სააგენტო. სააგენტოს თანაბარი რაოდენობის საჯარო მოსამსახურეებისა და კერძო მეწარმეებისგან შემდგარი დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო მართავს.  

“ეს პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას და აძლიერებს ეკონომიკას პროფესიულ განათლებაზე მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებით  რეგიონული ცენტრებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში,” განაცხადა ADB-ის სოციალური საკითხების სპეციალისტმა მამატკალილ რაზაევმა. “კერძო სექტორის სტრუქტურული ჩართულობა ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის მართვაში ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მრავალმხრივ ეკონომიკურ განვითარებას და კურსდამთავრებულთა დასაქმებას.”

პროფესიული პროგრამების წახალისებით იმ რეგიონების სკოლებში, სადაც პროფესიული კოლეჯები არ არის, პროექტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაზრდას სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოწყვლადი  მოსახლეობისთვის. ეს ასევე გააძლიერებს ქალებს დასაქმებასა და განათლებაზე მათი წვდომის გაუმჯობესებით. პროგრამა სოციალური და კლიმატის მხრივ მოწყვლად თემებში მცხოვრებ სტუდენტებს აღჭურვის კლიმატის ცვლილების პირობებში აუცილებელი თანამედროვე  ცოდნითა და უნარებით.

ქვეპროგრამა 2-ის დაფინანსება ADB-ის ადგილობრივ ვალუტაში გაცემული პირველი სუვერენული სესხია. პროგრამა თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში აღებული სახელმწიფო ვალის წილი. ეს გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 69 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები