გიზიარებთ ბლოგს: ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც ახლა გახდა სტუდენტი. ბევრი თქვენგანი შესაძლოა ბოლომდე არც იყოს ჩამოყალიბებული იმ პროფესიაში, რომელსაც სამომავლოდ გაჰყვება. სტუდენტობის პირველი წლები სწორედ ამ ყველაფერში გამორკვევის პერიოდია – საკუთარი თავისა და მომავალი პროფესიის ძიების.
ხშირად, გადაწყვეტილებების მიღებასა და პიროვნულ განვითარებაში სხვადასხვა წიგნები გვეხმარება. მართალია, უნივერსიტეტში ამა თუ იმ პროფესიას საფუძვლიანად, თუმცა მაინც გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულს სწავლობ. ლიტერატურულ სამყაროში კი არსებობს ბევრი ისეთი ნაწარმოები, რომელთა პერსპექტივაც შენთვის საინტერესო საქმეს სხვა კუთხით დაგანახებს და ბევრ ახალ იდეასაც გაგიჩენს დასაფიქრებლად.
,,პროფესორის საყვარელი ფორმულა” თანამედროვე იაპონელი მწერლის – იოკო ოგავას ცნობილი რომანია, რომლის მთავარი გმირიც მათემატიკაზე შეყვარებული პროფესორია. ტრავმის გამო მათემატიკოსს მხოლოდ 80-წუთიანი მეხსიერება აქვს. წიგნი მათემატიკოსისა და მისი ახალგაზრდა მსახურის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ყოველდღიურად ახლიდან ეცნობიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს. ტრავმის მიუხედავად, პროფესორის გონებაში მაინც მკაფიოდ და მძაფრადაა შემონახული მისი სიყვარული და აღფრთოვანება მათემატიკისადმი – ტკბობა იმ სილამაზით, რომელიც ფორმულებისა და განტოლებების ამოხსნას მოაქვს და რომელიც პროფესორის ცხოვრებას მუდმივად თან სდევს.
,,ფუტკრების ამბავი” – ასე ეწოდება თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, მაია ლუნდეს ანტიუტოპიურ რომანს, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო საკითხავი იქნება მათთვის, ვისაც ბიოლოგია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები აინტერესებს. რომანი სამ სხვადასხვა დროში, სამი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს და სამივე მათგანში სიუჟეტი ფუტკრების ირგვლივ ვითარდება. წიგნში პირველი ამბავი 1852 წლით თარიღდება, სადაც მთავარი პერსონაჟი, უილიამი, ცდილობს ისეთი სკები ააგოს, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს. მეორე ამბავი 2007 წელს გრძელდება, სადაც ასევე მეფუტკრე ჯორჯი საკუთარი საოჯახო ფერმის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძვის. რომანის ბოლო, კულმინაციური სიუჟეტი კი მომავალ დროში, 2098 წელს ვითარდება, სადაც ჩინელ თაოს ხეხილის თითოეული ყვავილს დამტვერვა საკუთარი ხელით უწევს, რადგან იმ დროისთვის ფუტკრები უკვე გადაშენებულები არიან.
,,ძველი ოსტატები” ჰოლანდიელი მწერლის, თანამედროვე პოსტმოდერნული ლიტერატურის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურის – თომას ბერნჰარდის რომანია. წიგნის მთავარი პერსონაჟი მოხუცი მუსიკათმცოდნეა, რომელიც მთელ დღეებს ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში ატარებს: საათობით აკვირდება და სწავლობს სხვადასხვა შედევრს, რათა დარწმუნდეს, რომ არცერთი მათგანი, ყველაზე სახელგანთქმული ნიმუშებიც კი, არ არის სრულყოფილი. თეატრი, მუსიკა და მხატვრობა – ძირითადად ხელოვნების ეს სამი სფეროა წიგნის მთავარი პერსონაჟის ინტერესის საგანი და შთამბეჭდავი საკითხავი იქნება მათთვისაც, ვისაც ხელოვნება და შესაბამისად, მასზე სხვა ადამიანების დაკვირვებებიც აინტერესებს.
„კოსმოკომიკური ამბები“ 60-იან წლებში დაწერილ 12 მოთხრობას აერთიანებს. მოთხრობების ავტორი ცნობილი იტალიელი მწერალი – იტალო კალვინო გახლავთ. ავტორი სახალისო, პატარ-პატარა ისტორიების მეშვეობით გვიყვება ამბებს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე, როგორცაა სამყაროს წარმოშობა, დრო ან კოსმოსი. ამ ამბებს სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის – ატომის, თევზის, ფრინველისა თუ დინოზავრის პირით გვიამბობს და ცდილობს პასუხები გასცეს კითხვებს ასტრონომიისა და ფილოსოფიის შესახებ. მართალია, ამ წიგნიდან აკადემიურ განათლებას ვერ მიიღებთ, თუმცა განსხვავებული თვალით დაგანახებთ სამყაროს – ბევრი პატარა არსებით დანაწევრებულს და მაინც ასე ერთიანს და მთლიანს.
,,Generation „პ“ ვიქტორ პელევინის რომანია, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. წიგნი მოგვითხრობს ლიტერატურის ინსტიტუტის ახალგაზრდა სტუდენტზე, რომელსაც ლიტერატურა და მთარგმნელობა აინტერესებს. ამის მიუხედავად, მთავარი პერსონაჟი საბოლოოდ რეკლამისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში ამოყოფს თავს. წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც პოლიტიკა, სარეკლამო სფერო და თანამედროვე ტექნოლოგიები აინტერესებთ, განსაკუთრებით კი იმ ისტორიულ კონტექსტში, როდესაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო საზოგადოებისთვის, რადგან რომანის სიუჟეტი 90-იან წლებში ვითარდება.
შეთავაზება საქართველოს ბანკისგან
ახლი სასწავლო წელი საუკეთესო დროა ბიბლიოთეკის შესავსებად, ახალი შენაძენების გასაკეთებლად და სტუდენტური ცხოვრების საინტერესო წიგნებით დასაწყებად. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ტრადიციულად განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს თავის მომხმარებლებს: სულაკაურის მაღაზიებში სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში როგორც ზემოთ ჩამოთვლილ, ისე სხვა ნებისმიერ წიგნზე 40% ქეშბექი იმოქმედებს (მაქსიმუმ 100 ლარი).
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება