ფინანსური განათლება ის ფუნდამენტური ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება პირადი თუ ბიზნეს ფინანსების ეფექტურ მართვაში. ამის მიუხედავად, საზოგადოებაში არსებობს მრავალი მითი, რომელიც მის მნიშვნელობას აკნინებს. დღეს ჩვენ განვიხილავთ 4 ძირითად მცდარ წარმოდგენას ფინანსური განათლების შესახებ და ვისაუბრებთ მათ მიღმა არსებულ სიმართლეზე.
1. ფინანსური განათლება განკუთვნილია მხოლოდ ფინანსური მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი არის ის, რომ ფინანსური განათლება მხოლოდ ფინანსებში დასაქმებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. სინამდვილეში, ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია ყველასთვის - სტუდენტებისთვის, მეწარმეებისთვის, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, დასაქმებულებისა და პენსიონერებისთვისაც კი. ძირითადი ფინანსური ცნებებისა თუ ტერმინების გააზრება, საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, იქნება ეს დანაზოგის გაკეთება, სესხის გამოტანა, ანაბრის გახსნა, ინვესტიციის გაკეთება თუ შემოსავლების უკეთ გადანაწილება. თუკი გესმის, რა არის ფული, როგორ მუშაობს ფინანსური სისტემები და ინსტრუმენტები, მაშინ, ბევრად მარტივი ხდება გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მიღება და ცხოვრების გაუმჯობესება.
2. ფინანსური კონცეფციებისა და ტერმინების გაგება ძალიან რთულია
ბევრი ადამიანი თავს არიდებს ფინანსური განათლების მიღებას, რადგან თვლის, რომ ძალიან რთულია და მათემატიკურ უნარებში გაძლიერებას მოითხოვს. თუმცა, ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ფინანსური სასწავლო რესურსები დღეს ისეთი ხელმისაწვდომია, როგორც არასოდეს. ონლაინ სივრცეში ხშირად შეხვდებით ვიდეოებს, სადაც მარტივადაა ახსნილი ფინანსური ტერმინები, სტატიებს, ონლაინ პლატფორმებსა თუ მოკლე კურსებს. ამ მასალების მისაღებად მთავარია მხოლოდ სურვილი და მონდომება. მაგალითები რეალური ცხოვრებიდან და გამარტივებული ხელსაწყოები კი ისე აადვილებს სასწავლო პროცესს, რომ არსებითი ფინანსური ცნებების გაგება, დამწყებებისთვისაც კი ადვილი გახდება.
3. ფინანსური განათლება რთულად ხელმისაწვდომია
კიდევ ერთი გავრცელებული შეხედულებაა, რომ ფინანსური განათლების მიღებას მნიშვნელოვანი რესურსები ან კავშირები სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს სიმართლე იყო წარსულში, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და საზოგადოებაზე ორიენტირებულმა ინიციატივებმა შეცვალა რეალობა. უფასო და დაბალფასიანი რესურსები - მათ შორის ვებინარები, პოდკასტები, სემინარები და ონლაინ კურსები - ახლა ფართოდ არის ხელმისაწვდომი, რაც ფინანსურ განათლებას გაცილებით ხელმისაწვდომს ხდის. ძალიან ხშირად კი, სხვადასხვა ორგანიზაციები, არაკომერციული თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთიანდებიან და ქმნიან სპეციალურ პროგრამებს, რათა შესთავაზონ ფინანსური განათლება მათ, ვისთვისაც რთულად ხელმისაწვდომია.
ამის შესანიშნავი მაგალითია Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია - სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. აქ, ენობრივი ბარიერებისა და კულტურულ თავისებურებების გამო, ფინანსურ განათლებაზე წვდომა ხშირად შეზღუდულია. უკვე თითქმის 1 წელია, რაც Mastercard ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა თუ მცირე მეწარმეებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო ტრენინგებს, რესურსებსა და საბანკო პროდუქტებსაც კი. პროექტი შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
4. ფინანსური განათლება არ არის საჭირო ყოველდღიურ ცხოვრებაში
ალბათ ყველაზე მავნე მითი არის რწმენა იმისა, რომ ფინანსური განათლება არარელევანტურია ყოველდღიურ ცხოვრებაში. პირიქით, ფინანსური ცნებების გაგება გადამწყვეტია ისეთი ყოველდღიური საქმიანობისთვის, როგორიცაა ხარჯების მართვა, სამომავლო დანაზოგის გაკეთება, სესხის აღება და ამა თუ იმ ძვირადღირებული ნივთის ყიდვა. ფინანსური ცოდნა ეხმარება ინდივიდებს, რათა გაუმკლავდნენ მოულოდნელ ფინანსურ გამოწვევებს და მარტივად მიაღწიონ გრძელვადიან მიზნებს - იყიდონ სახლი, წამოიწყონ ბიზნესი თუ გააკეთონ საპენსიო დანაზოგი.
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება