საქართველოში ხაჭაპური და განსაკუთრებით ნავის ფორმის ხაჭაპური საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი კერძია, როგორც ადგილობრივებში ასევე ტურისტებში. აჭარულ ხაჭაპურს დღეს თითქმის ყველა რესტორანსა თუ კაფეში შემოგთავაზებენ, სადაც კი ხაჭაპურის აცხობენ. აჭარული ხაჭაპური განსაკუთრებულად გემრიელი და მიმზიდველი სად უნდა იყოს თუ არა უშუალოდ მის „სამშობლოში“ აჭარაში.
აჭარაში აჭარულ ხაჭაპურს კი ყველგან აცხობენ, განსხვავებულია მისი ცხობის ტექნიკაც და ხშირ შემთხვევაში ინგრედიენტებიც.
Business Insider Georgia-ს (ადგილობრივების რჩევით) გთავაზობთ 3 კვების ობიექტს, სადაც აჭარული ხაჭაპური აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ:
მამუკას აჭარული ხაჭაპური შეშაზე (მის: ბათუმი, 26 მაისის #39)
მამუკა მამულაშვილი - ბრენდის მფლობელი და შეფ-მზარეული: „ჩვენს აჭარულ ხაჭაპურებს გამოარჩევს ის, რომ მასში გამოყენებულია ნატურალური ინგრედიენტები და ვაცხობთ შეშაზე. თავად ცომი მომზადებულია ისეთი განსაკუთრებული რეცეპტით, რომელიც მარტო ჩვენთან არის. ეს არის მამაპაპისეული რეცეპტი, რომელიც არ განგვიახლებია. რაც შეეხება ყველს, აუცილებლად არის ნატურალური. ამჟამად ერთი სახეობის აჭარულ ხაჭაპურს ვაწარმოებთ, რომელიც არის ტრადიციული. ფასები დამოკიდებულია ხაჭაპურის ზომაზე. პატარა აჭარული ხაჭაპური ჩვენთან 12 ლარი ღირს. პატარა კი ჰქვია, მაგრამ სხვასთან რომ საშუალოა იმხელაა ზომაში.
ფასები 12-14-17 ლარი.
თვის განმავლობაში ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 15-16 ათას აჭარულ ხაჭაპურს ვაცხობთ“.
კაფე-ბარი "ლაგუნა" (ბათუმი. ზურაბ გორგილაძის 18)
იათამზე ინაიშვილი - მენეჯერი: „ჩვენი აჭარული ხაჭაპური მართლაც, რომ გამორჩეულია. ერთ-ერთი პირველი და ასევე ძველი კვების ობიექტი ვართ და 1997 წლიდან ვარსებობთ. ამჟამად 3 სახეობის აჭარულ ხაჭაპურს ვაცხობთ ყველა ქართული ვარიანტია. ხომ არის , რომ სხვები აკეთებენ 4 ყველით ან დაძველებული ყველით და ასე შემდეგ, ჩვენ მსგავს აჭარულებს არ ვაცხობთ. ერთ-ერთია ტრადიციული აჭარული ხაჭაპური, მეორეა - აჭარული ხაჭაპური მეგრული სულგუნით, მესამე - შებოლილი სულგუნით. ჩვენთან აჭარული ხაჭაპურის ფასები 16 ლარიდან იწყება. მაგალითად აჭარული ხაჭაპური შებოლილი სულგუნით 21-22 ლარი ღირს, გააჩნია სტუმარი კვერცხით შეუკვეთავს თუ უკვერცხოთ. 20 ლარი ღირს აჭარული ხაჭაპური მეგრული სულგუნით.
თვის განმავლობაში თუ რამდენს ვაცხობთ ზუსტი ციფრი მართლა არ გვაქვს, რადგან ეს მაინც ინდივიდუალურია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მარხვის დღეებში მოთხოვნა უფრო დაბალია, ვიდრე არასამარხო დღეებში“.
კაფე, საცხობი “ლევილი“ (ბათუმი.ზურაბ გორგილაძის ქუჩა 1)
ჯაბა ჯაყელი - მეპატრონე: „ჩვენ აჭარულ ხაჭაპურს ვაცხობთ ბუხარში. საუბარი მაქვს სპეციალურად აჭარული ხაჭაპურის გამოსაცხობად შექმნილ ბუხარზე. ასეთი ბუხარი ბათუმში რამდენიმეა და ერთ-ერთი, მაგრამ ყველაზე დიდი გაქვს ჩვენ „ლევილში“. ამის გარდა ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ წიფელას და ცხემლას შეშას. ასევე აჭარული ხაჭაპურისათვის გავაკეთეთ სპეციალური ფორმა, რათა „ლევილის“ აჭარულ ხაჭაპურს ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული ფორმა. ჩვენთვის იდეალური ხაჭაპური, რომ იყოს ყველი უნდა ამოვიდეს ზემოთ და თავზე უნდა გაიკეთოს „კოროჩკა“. ანუ თავზე უნდა გაიკეთოს ყვითელი ფენა, რაზეც შემდეგ იდება კვერცხი. ჩვენ, ჩვენი ნიშა გაქვს. როდესაც სხვაგან აჭარული ხაჭაპურს უყურებთ არის თეთრი და კვერცხის გული ადევს, ჩვენთან ზემოდანაც ყვითელია. ისე იწვება/ცხვება, რომ ცომს და ყველას უკვე ერთნაირი ფერი აქვს. ჩვენი აჭარული ხაჭაპური არის ხრატუნა.
ლევილში გვაქვს სტანდარტული/კლასიკური აჭარული ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური 4 ყველით და აჭარული ხაჭაპური „ჩიკაგო“. „ჩიკაგოში“ დამატებულია ლორი.
ფასებს რაც შეეხება სტანდარტული ღირს 16,50 ლარი, აჭარული ხაჭაპური 4 ყველით ღირს 21 ლარი, ხოლო „ჩიკაგო“ ღირს 24 ლარი.
ტურისტულ სეზონზე, აგვისტოში თვეში 30 ათას კერძს ვყიდით, საუბარია სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურზე, თუმცა ამ მაჩვენებლების 50-70%-ი მაინც აჭარულ ხაჭაპურზე მოდის“.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მომხმარებელთა რჩეული იყო. ვებგვერდის მკითხველებმა ხაჭაპურს 5-დან 5 ქულა მიანიჭა და ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზეა.
„ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მას გამდნარი ყველით, კვერცხით, კარაქითა და ფქვილით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. ხაჭაპურის ყველაზე გავრცელებული ფორმები იმერული და აჭარული ხაჭაპურებია,» ნათქვამია აჭარული ხაჭაპურის აღწერაში.
2023 წელს კი აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა, რის გამოც ამერიკულმა გამოცემამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი საკუთარ პლატფორმაზე გამოაქვეყნა და მას მასალაც მიუძღვნა.
„ხაჭაპური, ანუ ყველით გამოტენილი პური, რომელიც ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძია, ბევრი სახეობისა არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ცომის გუნდაში ყველის მოთავსებას და ყველის გალღობამდე მის გამოცხობას გულისხმობს. ხაჭაპურის ყველაზე ცნობილი ნაირსახეობა აჭარიდან, შავიზღვისპირეთიდან მოდის. ის ნავის ფორმის მქონე გახსნილი პურია, რომელსაც კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად უნდა ამოურიოთ. ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას მძაფრი გემოს მქონე იმერულ ყველსა და სულუგუნს იყენებენ, მაგრამ აშშ-ში მათი პოვნა – რთული საქმეა. ეს რეცეპტი, რომელიც კარლა კაპალბოს წიგნიდან „ხაჭაპური და გამოტენილი პურის ნაირსახეობები“ არის ადაპტირებული, მოცარელას, ფეტას და თხის ყველის ნარევს ითვალისწინებს“, – წერს The New York Times-ის კონტრიბუტორი, დანიელა გალარსა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება