ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის შემოღებამ და პირდაპირი ავიარეისების სიხშირის ზრდამ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები გაზარდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ავიაკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველო დაინტერესებულია, რომ ფრენები ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც განხორციელდეს, რაც ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროშიც.
დავითაშვილის განმარტებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში 555 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო გეგმავს, უფრო მასშტაბური ტურისტული აქტივობები გამართოს ჩინეთის მეტ ქალაქში, რათა ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ვიზიტისას ლევან დავითაშვილი Hainan Airlines-ის, Capital Airlines-ის და Sichuan Airlines-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პოპულარული მიმართულებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე - კერძოდ, დღეისათვის საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი - ურუმჩის მიმართულებით ფრენებს ყოველდღე ასრულებს. შემოდგომაზე საქართველოს ავიაბაზარზე Air China შემოვა, რომელიც ურუმჩის გარდა, ფრენების განხორციელებას პეკინი - თბილისის მიმართულებითაც გეგმავს.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა