Business Insider Georgia-ს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მაია ომიაძემ განუმარტა, თუ რა არის საქართველოს კონკურენტული უპირატესობა რამაც ტურისტების ინტერესი უნდა გამოიწვიოს.
„უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა“ - ეს არის მთავარი, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ ტურისტებს. საქართველოში ნებისმიერი ტურისტი ჩვენი პირადი სტუმარია. განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ ადამიანები ეძებენ რაღაც ახალ განსაკუთრებულ თავგადასავალსა და ემოციას. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ისინი განსაკუთრებული ემოციის მიღებას ყველა კუთხეში შეძლებენ.
პანდემიის შემდეგ იმდენად შეიცვალა ცხოვრების წესი და სამომხმარებლო თვისება, რომ კარგი დროა იმისთვის, რათა ის ბუნებრიობა რაც საქართველოს აქვს, კერძო სექტორმა ტურისტების მოსაზიდად სწორად გამოიყენოს. ამაში ხელს გვიწყობს ბუნება, ისტორია, ვართ ტოლერანტული ქვეყანა და აქ ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ“, - აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ამასთან მაია ომიაძემ Business Insider Georgia-ს განუმარტა თუ რა მიმართულებებზე დახარჯავს ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის მარკეტინგისთვის ბიუჯეტით განსაზღვრულ ₾27 მილიონს.
„ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე სამეზობლო ქვეყნებზე მარკეტინგში ფულს არ ვხარჯავთ, იმიტომ რომ ცნობადობა ისედაც მაღალია. შესაბამისად, მარკეტინგისთვის თანხებს ვხარჯავთ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში, პოლონეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში. ჩვენ ძირითადად „დიჯითალ კამპანიებს“ ვატარებთ მაგალითად Bloomberg-ზე მთელი წლის განმავლობაში გვაქვს კამპანია“, - აღნიშნავს ომიაძე.
მისივე თქმით, ტურიზმის ადმინისტრაცია ცდილობს, საქართველოში მაღალი მხარჯველობით უნარის ტურისტების მოზიდვას და ამ მიმართულებით კერძო სექტორთან ერთობლივ მუშაობას გეგმავს.
„მაღალი მხარჯველობით უნარის ტურისტს რა თქმა უნდა შესაბამისი სერვისები და ინფრასტრუქტურა სჭირდება. ჩვენ ვაწარმოებთ სარეკლამო კამპანიებს, თუმცა უპირობოდ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისების დახვეწა. სერვისების მიხედვით საქართველოში გამოწვევები ნამდვილად ძალიან ბევრია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კერძი სექტორთან ამ საკითხებზე ერთობლივად ვიმუშავებთ“, - აღნიშნავს ომიაძე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი