საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში 31 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცა 34 227 სოციალურად დაუცველ პირს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მიერ დეპუტატისთვის კითხვის პასუხად მიწერილ წერილშია აღნიშნული, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 11 384 პირი, ხოლო არაფორმალური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 1860 პირმა.
„საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა წარმოადგენს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტს და მისი შექმნა ემსახურება მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დასაქმების ხელშეწყობას. საზოგადოებრივი სამუშაო წარმოადგენს სამუშაოს სახეს, რომლის შესრულება შეუძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე პირს.
საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა წარმატებით ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქვეპროგრამის შემუშავებისას შეისწავლა სხვადასხავა ქვეყნის პრაქტიკა, რაც გათვალისწინებული იქნა ქვეპროგრამის შინაარსის განსაზღვრის პროცესში“, - აღნიშნულია მინისტრის წერილში.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა მარტიდან დაიწყო. პროექტი სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად.
საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს.
პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სოციალური შემწეობის მიმღები პირის სტატუსი არ გადამოწმდება.
თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05 დაკავშირება შეუძლიათ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი