USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - არჩილ მესტვირიშვილი

მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - არჩილ მესტვირიშვილი

2023-03-15 18:56:30

15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა.  


გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. თავის გამოსვლაში მან ვრცლად ისაუბრა იმ  თანმიმდევრული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის დღეს საქართველოს საფინანსო სექტორი ეროვნული ბანკის ინიციატივით 2021 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. 


"საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის მარეგულირებლისთვის, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 2011 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ. კერძოდ, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და საცალო ბაზარზე საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა განახორციელა, მათ შორის შემუშავდა და შემდგომ დაიხვეწა ნორმატიული ბაზა, მოწესრიგდა მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატი. მათ შორის აღსანიშნავია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების მაღალ სტანდარტს აწესებს. აღნიშნული, თავის მხრივ, მომხმარებლებს მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება და საფინანსო სექტორში კიდევ უფრო კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას უწყობს ხელს. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ მომხმარებლების მომართვებს, რაზეც ჩვენი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში სათანადოდ ვრეაგირებთ და ვცდილობთ მომხმარებლებს მაქსიმალურად დავეხმაროთ. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში, სებ-ში მომხმარებლების მომართვიანობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად აისახება მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე. გარდა ამისა, გასულ წელს ამოქმედდა სესხების ამოღების ეთიკის კოდექსი, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლებში ფინანსური ორგანიზაციების მიმართ სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას და მათი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვას, ამასთან, ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვას უზრუნველყოფს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ მესტვირიშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები