მზა „სადილის“ მწარმოებელი კომპანია „ჯეონატურალსი“ წარმოებას აფართოებს. კომპანიის საქმიანობაში 2022 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. როგორც „ჯეონატურალსის“ მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია Business Insider Georgia- თან ამბობს, გაიზარდა ,,სადილის“ ასორტიმენტი და თანამშრომლების რაოდენობა.
მისი ინფორმაციით, ექსპორტზე ,,სადილი“ უკრაინაში გადიოდა, თუმცა საომარი მოქმედებების გამო ექსპორტი ამ მიმართულებით გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
სულ რამდენიმე დღეში კი ,,ჯეონატურალსი“ პროდუქციას აზერბაიჯანში გაიტანს. შეთანხმება მიღწეულია და პირველი საექსპორტო პარტიაც მზადაა.
„ამ ეტაპზე 20-მდე დასახელების პროდუქტი გვაქვს გაყიდვაში: ქათმის ჩახოხბილი, ხარჩო მეგრულად, ლობიო, მოშუშული ხორცის რამდენიმე ვარიანტი: ეკონომი, სტანდარტი, პრემიუმი და სხვა.
რაც შეეხება რეალიზაციას, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს სრული მოცვა, ექსპორტზე უკრაინაში ვყიდდით და უკვე აზერბაიჯანში გავალთ, შეთანხმება მიღწეულია და რამდენიმე დღეში დავიწყებთ გაყიდვას ქვეყნის გარეთ. აღსანიშნავია, რომ ასორტიმენტი გავზარდეთ, გავაუმჯობესეთ საწარმო - ახალი დანადგარები შევმატეთ და თანამშრომლების რაოდენობაც გავზარდეთ.
ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე შიდა ბაზარზე დავემატოთ იმ სუპერმარკეტების ქსელებს, სადაც ჯერ არ ვართ, თუმცა ქსელური მარკეტების უმეტეს ნაწილში ,,სადილი“ გაყიდვაშია“, - ამბობს ამიკო კალანდია.
სადილის“ წლიური წარმადობა 2 500 000 ქილა კონსერვია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში, ჯამურად, 380,660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი