USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომობილების რეექსპორტში რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის  - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

ავტომობილების რეექსპორტში რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

2023-02-26 23:00:30

ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, მხოლოდ ყაზახეთის ბაზარზე 2023 წელს ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ 300% შეადგინა - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა განუცხადა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრობლემა ტრანსპორტირების მაღალი ხარჯია.

„აშშ-ში 5 %-ით გაიაფდა ავტომობილები, მაგრამ ჩვენთან 30-40%ით გაძვირდა. ამაზე მეტად არის ლოგისტიკა გაძვირებული, ამიტომ გლობალური პროცესების გავლენა ადგილობრივ ბაზარზე ვერ ავსახეთ", - აცხადებს ლაშა დარბაისელი.

კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ბაზარზე შეიმჩნევა, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. თითქმის 340%-იანი მატება დაფიქსირდა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, თუმცა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია და მასზე იმედის დამყარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„რუსეთი პანდემიამდეც რეექსპორტში ყოველთვის ხუთეულში შედიოდა. დღესაც ასეა, მაგრამ რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის და ამ მიმართულებით მოთხოვნა გაიზრდება თუ არა, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა", - ამბობს დარბაისელი.

2023 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის $104 მილიონის ღირებულების 6 ათასი ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 187%-ით მეტი იყო. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ყაზახეთში საქართველოდან  - $20.9 მილიონის ღირებულიების ავტომობილი გავიდა, ზრდა წინა წელთან 673% -ია; ექსპორტირებულია 1,018 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $21 ათასია;

რაც შეეხება რუსეთს, 2023 წლის იანვარში საქართველოდან ამ ქვეყანაში $7.1 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა რეექსპორტზე, ზრდა წინა წელთან - 956%-ია; ექსპორტირებულია 507 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14 ათასია; 

„საქსტატის" მონაცემის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა. კერძოდ,  თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 25%-ით გაიზარდა რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობაც.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელმა 63 860 ერთეული შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები