ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, ისრაელში განვითარებული მოვლენების ფონზე, თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს საკუთარი რისკის ფასად ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-ს ავიაკომპანია Georgian Airways-ის საფრენოსნო განყოფილების უფროსმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.
როგორც გაიაშვილი განმარტავს, ავიაკომპანიების 80%-მა ისრაელის მიმართულებით რეისები შეაჩერა და რა განრიგით იოპერირებს ავიაკომპანია თბილისი-თელ-ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე ჯერჯერობით უცნობია.
„ავიაკომპანიების 80%-მა ისრაელში ფრენები უკვე შეწყვიტა და აღარ დაფრინავს. დღეს ვერავინ ვერ გეტყვით იქნება თუ არა რეისები, რადგანაც ყოველწუთში იცვლება იქ მდგომარეობა. აქამდე ჩვენ, ჩვენი რისკის ფასად, რაღაცას ვაკეთებდით. არ ვიცი რა იქნება. არ ვიცი, ვერავინ ვერ ამბობს იმას, მეორე საათში რა იქნება იქ. ბომბები ცვივა ბენ გურიონშიც. ამიტომ იმის თქმა წინასწარ, რომ ეს ასე იქნება რთულია.
რამდენ ხანს გასტანს ეს სიტუაცია არ ვიცი. სადაზღვევო კომპანიებისგან უკვე 3 წერილი მაქვს, რომ არ იფრინოთ ისრაელის მიმართულებითო და ჩვენ მაინც ვაკეთებთ. ეს არის კიდევ ძალიან დიდი რისკი და შესაძლოა, სადაზღვევოებმა ერთ დღეს მთელი კომპანია გააჩერონ. მე ისრაელში ბევრი მეგობრები მყავს, ისრაელელები, ქართველები და ასე შემდეგ. ავიაკომპანია ისრაელის მიმართულებით ფრენებს 1993 წლიდან ასრულებს. ჩვენ ქართველ ხალხს გაჭირვების დროს ყოველთვის გვერდით ვედექით და ახლაც ვუდგავართ. ჩვენი პირადი რისკების გათვალისწინებით მეტის გაკეთებას შევძლებთ თუ არა არ ვიცით. ეს არავინ არ იცის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ Georgian Airways-ი მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო დღეებში, შესაძლოა, 13-15 ოქტომბერს ისრაელიდან დამატებითი რეისები დაინიშნოს.
უახლესი
6 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება6 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში