დღეისათვის დამტკიცებული განრიგის მიხედვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ქალაქებიდან რამდენიმე მიმართულებით შესრულდება რეისები.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით სეზონის განმავლობაში დღეში 1 სიხშირით, ანუ კვირაში 7 სიხშირით იფრენს.
რაც შეეხება „ლოუქოსტერ“ Eurowings-ს, ავიაკომპანია 21 მაისიდან დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით, ხოლო 20 ივლისიდან 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 22 ივლისიდან კი Eurowings-ი შტუტგარტი-თბილისის მიმართულებაზეც დაიწყებს ოპერირებას და კვირაში 2 რეისი ექნება.
გერმანიის მიმართულებით ასევე რეისებს შეასრულებენ: Condor-ი, რომელიც 2 აპრილიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს, ხოლო მაისიდან კვირაში 2 სიხშირით.
Georgian Airways-ი კი ბერლინის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ოპერირებას.
რაც შეეხება საფრანგეთს, ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს რეისებს.
Georgian Airways-ი კი 26 მარტიდან პარიზის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი კი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 2 სიხშირით“, - განმარტავენ TAV Georgia-ში.
აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია აქტიურად მუშაობს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მეტი ევროპული რეისი შესრულდეს. ამ მიზნით კომპანია რამდენიმე დღის უკან ITB Berlin 2023-ისა და Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა.
„ველოდებით უფრო მეტ ტურისტს. ველოდებით როგორც აეროპორტების მმართველი კომპანია, უფრო მეტ მგზავრს. ველოდებით, რომ აპრილიდან, როცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონი იწყება, 1-ელი აპრილიდან ველოდებით უკვე ახალ მიმართულებებს. ჩვენთვის, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის, მნიშვნელოვანია ევროპული პირდაპირი მიმართულებები, რაც ამჟამად არ გვაქვს“, - განაცხადა ჯერ კიდევ ბერლინში ITB Berlin-ზე ჩასულმა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, რომელმაც იმავე დღეს რამდენიმე ევროპულ ავიაკომპანიებთან გამართა მოლაპარაკებები, მათ შორის იყო იტალიური ავიაკომპანია ITA Airways-ი და ასევე ერთ-ერთი ხორვატიული ავიაკომპანია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი