ბაკურციხე-წნორის ახალი 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა.
აშენდა 18 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 6 ხიდითა და გარე განათების სისტემით, სადაც, საქართველოში პირველად, გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები
ბაკურციხე-წნორის გზა, ალაზნის ველის მხარეს აშენდა და საერთაშორისო მაგისტრალური საგზაო მარშრუტის - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი - შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ახალი გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს.
ახალი გზის გახსნამდე, ავტოტრანსპორტი მოძრაობდა 7 მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში და გამოირჩეოდა მაღალი ინტენსივობითა და მზარდი საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობით. შესაბამისად, არ იყო უზრუნველყოფილი საგზაო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საგზაო მოძრაობის ნორმები.
დღეიდან ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. სატრანსპორტო ნაკადები გადაინაცვლებს ბაკურციხე-წნორის მაგისტრალურ გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტს.
საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ბაკურციხე-წნორის ახალი მაგისტრალური გზა სამჯერ ამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ ზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.
ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 მილიონი შეადგინა.
უახლესი