საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს მოქნილობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Metro Logistics-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა თემურ გუმბერიძემ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ქვეყნის უახლოესი წლების გეგმების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები, რომ მისი როლი ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო გაიზარდოს და რაც მთავარია გაიზარდოს ქვეყნის როლი შუა დერეფნის კონტექსტშიც.
Business Insider Georgia-ს კითხვას, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ კერძო სექტორის ჩართულობით ამ მიზნების მისაღწევად თემურ გუმბერიძე პასუხობს, რომ პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ შუა დერეფანი უფრო აქტიურად მუშაობდეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელშიც საქართველოს ჩართულობა არის აუცილებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში შენდება სწრაფმავალი ავტობანები და ასე შემდეგ, საავტომობილო გადაზიდვები არ წარმოადგენს მთავარ ინდიკატორს შუა დერეფნის ასათვისებლად. ჩვენ თუ გვსურს, რომ ვიყოთ აზია-ევროპის დამაკავშირებელი რგოლი, ალბათ ამისათვის ყველაზე მეტად უნდა განვავითაროთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რადგანაც სწორედ რკინიგზა უზრუნველყოფს ყველაზე მასშტაბურ გადაზიდვებს.
ამისათვის კი საჭიროა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა რაც გაქვს, საქართველოს რკინიგზის სადგურები, დამხარისხებელი და საკონტეინერო სადგურები მოეწყოს უკეთესად ვიდრე დღეს არის. რადგანაც დღეისათვის გამოიკვეთა და დგას ასეთი პრობლემა, რომ როდესაც რკინიგზის საშუალებით ჩინეთიდან საქართველოში ტვირთი შემოგაქვს, ან გაგვაქვს ჩინეთის ქალაქ ჩინჩინიდან გერმანიის ქალაქ დიუსბურგში, სადაც ჩვენ ტვირთების გატარებას ვუზრუნველყოფთ, ვდგებით ასეთი ფაქტის წინაშე: როდესაც ამ კონტეინერებს თბილისში ვიღებთ, რათა შემდგომ დიუსბურგში გადავამისამართოთ, ხდება ტვირთის 3-4 დღე დაყოვნება, რადგანაც ჩვენი ტერმინალი საკმაოდ გადატვირთულია და ევროპის ხაზზე სწრაფად გადაგზავნას არ ყოფნის ადამიანური და ტექნიკური რესურსი. ალბათ, ეს არის პირველი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, რადგანაც შუა დერეფანი არის ერთადერთი გზა არასანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. ზემოთ გვაქვს რუსეთი და ქვემოთ ირანი და ერთადერთი საქართველო რჩება. შუა დერეფანი, რომ იყოს უფრო აქტიური მნიშვნელოვანია, რომ ვადები იყოს უფრო სწრაფი.
მაგალითად, ჩვენი კონკურენტი თუ არის Trans-Siberian Railway, სადაც შანხაი ლონდონი ერთმანეთს 14 დღეში უკავშირდება, ჩვენ 14 დღის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, მაგრამ 20-25 დღეში მაინც უნდა მივიღოთ ტვირთი და ამ ვადებზე რომ გავიდეთ, საჭიროა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გამართვა“, - განმარტავს Metro Logistics-ის დამფუძნებელი.
თემურ გუმბერიძე აკონკრეტებს, რომ საუბარი აქვს უმეტესწილად პერსონალის რაოდენობის გაზრდაზე და მათ სათანადო გადამზადებაზე.
გადამზიდავი კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ პროცესებში უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული და პროცესები აჩქარდეს.
„აქ მე საუბარი მაქვს უფრო სტაფის ნაწილზე და მათი რაოდენობის გაზრდაზე, მემანქანეების გადამზადებაზე და სხვა. მაგალითად, აზერბაიჯანის რკინიგზა „ეიდი კონტეინერი“ აქტიურადაა ჩართული ევროპის Deutsche Bahn-თან სხვადასხვა კურსების ნაწილში, რათა გადამზადდეს მათი თანამშრომლები და ასე შემდეგ.
რეალურად, ალბათ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება ამ კუთხით და ასევე ინფრასტრუქტურა იმ ნაწილში, რომ სწრაფად მოხდეს ოპერაციების გაკეთება. თორემ სხვა ტექნიკური მოდიფიკაცია, საკმაოდ დიდ დროს და ფინანსურ რესურსს მოიცავს. საუბარია იმაზე, რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული და პროცესები აჩქარდეს“, - განმარტავს თემურ გუმბერიძე.
რაც შეეხება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს, საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Metro Logistics-ის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ რთულია საჰაერო კარგოს მიმართულებით ქვეყანამ სრული ათვისება მოახდინოს, რადგანაც ეს მიმართულება ჩვენს მეზობელ თურქეთს და აზერბაიჯანს საკმაოდ კარგად აქვს ათვისებული.
„რთულია, რომ ჩვენ აქ კონკურენცია გავუწიოთ. თუ ვსაუბრობთ საჰაერო გზით შუა დერეფანში მონაწილეობაზე ერთადერთი გამოსავალია ქუთაისის აეროპორტის დატვირთვა. კარგია, თუ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის მშენებლობა მალე დასრულდება, იმიტომ, რომ შუა დერეფანში მიიღოს ამ აეროპორტმა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ანაკლიის პორტის კონტექსტშიც მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის გააქტიურება. და თავად ეს კარგო ტერმინალი რეგიონსაც დიდი განვითარების საშუალებას მისცემს და ასევე მარტივად მოხდება დაკავშირება ცენტრალურ აზიასთან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს რამდენიმე ავიაკომპანია, რომელთან ერთადაც შესაძლოა, კარგად იყოს ათვისებული ჩინეთისა და ცენტრალურ აზიის მიმართულებები. დღეს ეს ფუნქცია რეალურად აქვს თურქეთსა და აზერბაიჯანს“, - აცხადებს ბიზნესმენი.
თემურ გუმბერიძეს მიაჩნია, რომ ავიაციის განვითარებას ბევრად დიდი ინვესტიცია სჭირდება და თან რთულია კონკურენცია გაუწიო არსებულ კონკურენტებს.
„აქ მთავარია თავად კონკურენტი რა ზომისაა. რთულია სტამბულიდან და ბაქოდან ტვირთნაკადები ჩვენთან გადმოვიტანოთ. რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერი არ არის. ჩემი აზრით, სადაც შეგვიძლია აქტიურად და მარტივად შესვლა იქ უნდა შევიდეთ“, - აცხადებს Metro Logistics-ის დამფუძნებელი.
სახმელეთო მიმართულებით გადაზიდვებისას, თემურ გუმბერიძე ყველაზე დიდი პრობლემად საზღვრებზე შეყოვნებებს და რიგებს ასახელებს.
„რეალურად ასე თუ ისე, ვითარება დასტაბილურდა კერძო TIR-პარკების გახსნის შედეგად, რომლებიც საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში კეთდება და სადაც კერძო სექტორი სახელმწიფოსთან ერთად აქტიურადაა ჩართული და ხდება მოცდის კონტროლი და არაა ქაოსური რიგები.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვიღებთ საზღვრებზე რამდენიმე დღიან რიგებს, როგორც სარფის ისე ვალეს, ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გამშვებ პუნქტებზე. აქაც ვფიქრობ, რომ ალბათ ადამიანური რესურსის რაოდენობაშია პრობლემა, რადგანაც თუ მეტი მებაჟე იქნება პროცესი დაჩქარდება და ალბათ უფრო მეტად აჩქარდება შემდგომ შუა დერეფნის როლი.
სავარაუდოდ, ამ მიმართულებით უფრო მეტი ტექნოლოგიური პროგრესიცაა საჭირო და საბაჟო კუთხით რაღაცების გაციფრულება უმნიშვნელოვანესი იქნება. ბევრი წვრილმანია, რაც რეალურად სახმელეთო მიმართულებას კიდევ უფრო გააქტიურებს“, - აცხადებს თემურ გუმბერიძე.
შუა დერეფანში საზღვაო მიმართულებით უმნიშვნელოვანეს როლს ბიზნესმენი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ანიჭებს, თუმცა მანამდე მიაჩნია, რომ შავ ზღვაში შედარებით პატარა ზომის გემების გააქტიურება პროცესებს უფრო მოქნილს გახდის.
„საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს მოქნილობა, მთავარია რას გავაკეთებთ. საზღვაო მიმართულებით - საბორნე მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ფოთის საზღვაო ნავსადგური ერთი პერიოდი საკონტეინერო მიმართულებით საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა რკინიგზის გააქტიურებამ მეტ-ნაკლებად შეამსუბუქა ფოთის პორტის როლი. იყო პერიოდი, როდესაც ფოთის პორტში თვის ჭრილში 30-40 ათასი კონტეინერი შემოდიოდა, თუმცა დღეისათვის ვითარება შედარებით დასტაბილურებულია. თან ამას დაეხმარა ისიც, რომ აშენდა ახალი ტერმინალი, ახალი ნავმისადგომი და ამანაც პორტში მეტი კონტეინერის მიღება უზრუნველყო.
თუმცა, შუა დერეფნის ჭრილში მნიშვნელოვანი იქნება საბორნე მიმოსვლის კიდევ უფრო გააქტიურება. დღეისათვის საბორნე მიმოსვლა გაქვს ბულგარეთის და რუმინეთის მიმართულებით და ბორნების რაოდენობის დამატებაც ხდება. ქართულმა კომპანიამ ერთ წელიწადში უკვე საკუთარი უკვე მეორე ბორანი დაამატა, რაც ძალიან კარგია.
როდესაც რკინიგზით ევროპაში რაღაცა ტვირთი მიგვაქვს, ჩვენ თავს ვიკავებთ გამოვიყენოთ ბორანი ტვირთების ევროპაში შესატანად. მიზეზი ამისა პირველ რიგში არის ფასი, რომელიც არ არის დაბალი და ასევეა მოცდის ვადა. ბორანს შესაძლოა, ერთი კვირა ელოდო იმის გამო, რომ ბორნების რაოდენობა არის მცირე და პლუს ამინდის გაუარესებაც მოქმედებს. თუ კი ბორნებს რაოდენობა გაიზრდება, მაშინ საზღვაო კუთხით შუა დერეფანში ჩვენი როლი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
კასპიის ზღვაზე ტვირთების გადასატანად აქტიურად გამოიყენება პატარა გემები, რომელთა მოცულობა არის 150-200 კონტეინერის გადატანა. საუბარი არ მაქვს დიდ გემებზე და ეს ხომალდები ბაქოდან-აქტაუს მიმართულებით მოძრაობენ და ახდენენ ამ კონტეინერების ტრანსპორტირებას. ბორანთან შედარებით ასეთი პატარა ზომის გემი უფრო მოქნილია უამინდობის დროს და უფრო სწრაფად ხდება ოპერაციები. თუ კი შავ ზღვაზე ასეთი ტიპის გემები დაემატება, ეს იქნება ძალიან საინტერესო, რადგანაც ბორანზე მეტად სწრაფია.
რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ის ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკაში მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება. დღეს აზიიდან წამოსული ტვირთები შედის თურქეთში, იტალიასა თუ საბერძნეთში, ანალოგიურად ამერიკიდან წამოსული ტვირთები შედის ან ესპანეთში, ან იტალიაში ან თურქეთში და შესაბამისად იქ ხდება ფასის ზრდა, რადგანაც სხვა პორტში შედის და სხვა პორტის სერვისიც ეწერება ამ გადაზიდვებს და ასევე იზრდება დრო, რადგანაც გემი ყოვნდება დიდი დროით“, - აცხადებს საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Metro Logistics-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებაა. ამ მიმართულებით, მთავრობა მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მდგრადი, ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების შექმნას,
რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკური და რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებაში.
გააქტიურდება ძალისხმევა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, შუა დერეფნის მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვაზე. ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი რეალიზების მიზნით, საკვანძო ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, გაგრძელდება შესაბამისი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება.
დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის მთავარი მიზანია უსაფრთხოების ზრდა, მსვლელობის დროისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება.
პროექტის დასრულების შემდეგ, რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
ამასთან, დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტის გამტარობა იქნება 600 000 კონტეინერი (TEU) წელიწადში,ხოლო განხორციელებული ინვესტიცია გაუტოლდება 600 მლნ აშშ დოლარს.
დაგეგმილია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს და საქართველოს შესძენს „რეგიონული ჰაბის“ ფუნქციას. ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე.
უახლესი