USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს შიდა ტურიზმი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს - „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი

2023 წელს შიდა ტურიზმი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს - „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი

2023-03-26 12:00:00

2023 წელს ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუახლოვდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა მამუკა ბერძენიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით კლება შესაძლოა, საერთაშორისო მოგზაურობების აღდგენას დავუკავშიროთ.

„კლება უნდა დავუკავშიროთ საერთაშორისო ვიზიტების აღდგენას. ანუ 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტები აღდგა უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. შესაბამისად შიდა ტურისტებმა უკვე უპირატესობა მიანიჭეს საზღვარგარეთ მოგზაურობას. რეალურად ამ საკითხს ცოტა უფრო მეტი სიღრმისეული კვლევა უნდა. როგორც არსებული მონაცემებიდან ვხედავთ ზოგადად ვიზიტორებზეა საუბარი და არა უშუალოდ ტურისტებზე. შესაბამისად თუ კვლევა უშუალოდ ტურიზმსა და ტურისტების რაოდენობაზე ფოკუსირდება იქ შესაძლოა, სხვა ფაქტორებიც გამოჩნდეს, თუ რატომ დაიკლო ამ ციფრებმა წინა წელთან შედარებით. თუმცა ასე ერთი შეხედვით და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, კავშირშია საერთაშორისო ტურიზმის აღდგენასთან“, - აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის განმარტებით, რაც შეეხება ხარჯების ზრდას, ეს ინფლაციის შედეგია.

„თითქმის 10%-იანი ზრდაა და ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა, დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა იყო იგივე „საქსტატის“ მონაცემებით ტურიზმის სექტორში. განსაკუთრებით აქ იგულისხმება კვება და სხვადასხვა სარეკრეაციო, გასართობი სერვისები“, - განმარტავს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, პანდემიამდე არსებული მონაცემები გაცილებით ნაკლებია ვიდრე 2021-2022 წლების ციფრები, როგორც ვიზიტების რაოდენობის, ასევე ვიზიტორების მიმართულებით.

„ეს ნიშნავს, რომ მომავალში ეს ციფრები ისევ დაიკლებს, როცა საერთაშორისო მოგზაურობები და ვიზიტები საზღვარგარეთ სრულად აღდგება. ამიტომ სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2019 წლის მაჩვენებლებს მიუახლოვდება“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

ამავე თემაზე: 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები